სალომე ზურაბიშვილი - „მეგობარი აქტი“ და გამოქვეყნებული სია ნიშნავს, რომ იზოლაციაში შევდივართ ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, ერთი მხრივ ევროკავშირთან, მეორე მხრივ, ამერიკასთან
„მეგობარი აქტი“ და გამოქვეყნებული სია ნიშნავს, რომ იზოლაციაში შევდივართ ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, ერთი მხრივ, ევროკავშირთან, მეორე მხრივ, ამერიკასთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელი მთლიანად ბიძინა ივანიშვილია.
„„მეგობარი აქტი“ მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია. კრიზისი ექვსი თვეა გრძელდება და ქვეყანა პარალიზებულია. „მეგობარი აქტი“ და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა, პრაქტიკულად, „ქართული ოცნების” ყველა მაღალჩინოსანს ეხება, ნიშნავს, რომ ჩვენ, ამავდროულად, იზოლაციაში შევდივართ. ქვეყანა შედის იზოლაციაში ჩვენს მთავარი პარტნიორებთან, ერთი მხრივ, ევროკავშირთან, რომელსაც ყოველდღიურად „ოცნების“ წარმომადგენლები ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ, მეორე მხრივ, ამერიკასთან. ეს სია ხვალ ან ზეგ სენატში გაივლის და შემდეგ დაელოდებიან პრეზიდენტის ხელმოწერას, თუმცა უკვე მოქმედებს, რადგან ასეთ სიაში აღმოჩენა ნიშნავს, რომ ყველა ქვეყნის საზღვრებზე ეს გვარები და სახელები ცნობილია. ზოგადად, ეს არის კრიზისი ქვეყნისა.
კრიზისზე პასუხისმგებელი მთლიანად არის ბიძინა ივანიშვილი და არა ჩვენი პარტნიორები, როდესაც ცდილობენ თქვან, რომ ხან ევროკავშირი არის პასუხისმგებელი ჩვენს იზოლაციაზე თუ ამერიკა არის პასუხისმგებელი. არავინ არის პასუხისმგებელი, გარდა იმ ადამიანისა, რომელიც ერთპიროვნულად, შეიძლება რუსეთის ინსტრუქციებით, მაგრამ მაინც ერთპიროვნულად, მართავს ქვეყანას და ჩიხში, უფსკრულში მიჰყავს. აქედან გამოსავალი, კიდევ ერთხელ აუცილებელია, რომ გავიმეოროთ, არის არჩევნები, ახალი არჩევნები. ეს არის გამოცდილი ფორმა ყველა ქვეყანაში, როგორ გამოდიხარ ღრმა კრიზისიდან ისე, რომ გამოსვლა იყოს მშვიდობიანი, არ გამოიწვიოს ახალი დესტაბილიზაცია, რომელიც ამ ქვეყანას არ სჭირდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რადგან ექვსი თვეა, ეს ქვეყანა გაჩერებულია, არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული არცერთი მიმართულებით, რომ რომელიმე გამოწვევა იყოს გადაწყვეტილი. ამ ქვეყნისთვის დღეს საჭიროა, რომ ძალიან სწრაფად დაინიშნოს ახალი არჩევნები და გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მივიღოთ ყველა საჭირო გადაწყვეტილება, რომელიც ამ ქვეყანას გააცოცხლებს. ეს ქვეყანა დღეს გაყინულია. ამის მაჩვენებელია „მეგობარი აქტი“.
„მეგობარი აქტი“ ასევე მაჩვენებელია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა უკვე დაინახეს, თუ რას უკეთებენ დღევანდელი „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ქვეყანას. ეს ასე ვერ გაგრძელდება. ამიტომ ყველა გონს უნდა მოეგოს, ყველამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული საშუალება, ვინც რაღაცაში პასუხისმგებელია და თანამდებობაზეა, შეიძლება, თავს უშველოს და ვინც თავს ვერ უშველის, მათი გადასაწყვეტია. ქვეყანას უნდა ვუშველოთ, ამას ერთად უნდა ვუშველოთ, ყველა ერთად დავდგეთ და ვთქვათ, რომ არჩევნები სასწრაფოდ დასანიშნია. ქვეყანას უკვე დრო აღარ ჰყოფნის იმისთვის, რომ ამ ღრმა ჩიხიდან გამოვიდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.