სალომე ზურაბიშვილი მედიასაშუალებებს მიმართავს, დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები
სალომე ზურაბიშვილი მედიასაშუალებებს მიმართავს, დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მედიასაშუალებებს მიმართავს, დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და კეთილსინდისიერი საქმიანობით ხელი შეუწყონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

როგორც სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „კონტექსტიდან ამოგლეჯილი შეფასებებით უხეში მანიპულირება უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური პროცესისთვის, საზოგადოების მთლიანობისთვის“.

„მინდა, გამოვხატო მკაფიო პოზიცია ჩემი განცხადებების უხეშ ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით, რომელთა ტირაჟირებასაც ახდენს ზოგიერთი მედიასაშულება და რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია. უკვე საყოველთაოდ ცნობილია ჩემი დამოკიდებულება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: 2008 წლის ომი, მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხი და ჩვენი დედა ეკლესიის როლი ქვეყანაში. ქართველი ხალხის წინსვლისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი მედიის როლი. კონტექსტიდან ამოგლეჯილი შეფასებებით უხეში მანიპულირება უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური პროცესისთვის, საზოგადოების მთლიანობისთვის.

მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და კეთილსინდისიერი საქმიანობით ხელი შეუწყონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.