სალომე ზურაბიშვილი - მე არ მივსულვარ 9 აპრილის მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს გმირების თავდადება
სალომე ზურაბიშვილი - მე არ მივსულვარ 9 აპრილის მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს გმირების თავდადება

9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის მიმართვაში განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, წლევანდელ 9 აპრილს საზოგადოება განსხვავებულ ვითარებაში, საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეხვდა.

„დღეს 9 აპრილია. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღე, რომელიც არ შეიძლება, არ გავიხსენოთ და არ შეიძლება, ერთად არ გავიხსენოთ. ამავე დროს, დღეს ვხვდებით და გაგვითენდა 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში, საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენის, კარანტინის და მთელი საზოგადოება ხვდება ამ 9 აპრილს სხვა განწყობით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების გამო ბევრი ვერ მივიდა 9 აპრილის მემორიალთან და არც თავად მისულა, თუმცა, ეს დღე ამით არ კნინდება.

„ბევრი ვერ მივიდა მემორიალთან. მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგანაც დიდი ნაწილი საზოგადოების ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით; ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება; ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი. ეს ყველაფერი ჩვენთან არის და შეიძლება კიდეც, სახლში უფრო გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოსთვის, თუ რამდენად მძიმე, მაგრამ ამავე დროს, სიმბოლური დღე არის დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი