სალომე ზურაბიშვილი - მარიხუანასთან დაკავშირებით საზოგადოებას სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს და ამ საინფორმაციო კამპანიის სათავეში მე ვიქნები
სალომე ზურაბიშვილი - მარიხუანასთან დაკავშირებით საზოგადოებას სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს და ამ საინფორმაციო კამპანიის სათავეში მე ვიქნები

ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს და ამ საინფორმაციო კამპანიის სათავეში მე ვიქნები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიხუანას მოხმარების რეგულირების საკითხზე წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი იყო, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანები პატიმრობით არ დასჯილიყვნენ.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყველა მოქალაქე თავისუფალია, თუმცა რიგ საკითხებში საჭიროა რეგლამენტირება.

„ჩვენი ახალგაზრდები უნდა იყვნენ დაცული. მოვიარე რეგიონები და მოვუსმინე დედების მღელვარებას ამ საკითხზე. ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და მე ვიქნები ამ საინფორმაციო კამპანიის სათავეში. უნდა დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები და მათი ჯანმრთელობა, ამაში ვეთანხმები საპატრიარქოს. ეს არ არის დაპირისპირების საგანი, ეს არის ჩვენი საერთო მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.