სალომე ზურაბიშვილი - მაქვს მოლოდინი, რომ 16 დეკემბერი კარგად ჩაივლის და ეს დღე დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 
სალომე ზურაბიშვილი - მაქვს მოლოდინი, რომ 16 დეკემბერი კარგად ჩაივლის და ეს დღე დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას საკმაოდ ბევრი სტუმარი დაესწრება, – ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ინაუგურაციაზე სტუმართა შორის ქალთა წარმომადგენლობა იქნება იმ ფაქტის შესაბამისი, რომ საქართველოს ქალი პრეზიდენტი ჰყავს.

„ვფიქრობ, ინაუგურაციაზე საკმაოდ ბევრი სტუმარი იქნება,  პროტოკოლით გათვალისწინებული სტუმრები, ჩვენი საგარეო უწყების პროტოკოლი გზავნის მოსაწვევებს ყველა იმ ქვეყნის პირველ პირთან, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები ან აკრედიტებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩამოვა, ამისთვის ძალიან მცირე დროა, მაგრამ იმედი მაქვს, თუნდაც ქალთა წარმომადგენლობა იქნება შესატყვისი იმ ფაქტის, რომ საქართველოში პირველად აირჩიეს ქალი პრეზიდენტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, არჩეული პრეზიდენტის თქმით, ინაუგურაციაზე მას საკუთარი კონტაქტებით პირადი უცხოელი სტუმრებიც ეყოლება.

„მეც მეყოლება ჩემი პირადი სტუმრები, იმ კონტაქტებით, რაც უცხოეთში მაქვს. ვფიქრობ, სასურველია, მათაც გავაცნოთ საქართველო და ამითაც გამოვიყენო ეს ღონისძიება, რომ გაიცნონ საქართველო, თელავი და კახეთი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, არჩეული პრეზიდენტის მოლოდინია, რომ ინაუგურაციის ცერემონია კარგად ჩაივლის და ეს დღე ყველასთვის დასამახსოვრებელი იქნება.

„ბუნებრივია, მაქვს დიდი მოლოდინი, რომ კარგად ჩაივლის და ეს იქნება ყველასთვის დასამახსოვრებელი დღე, რომელიც დარჩება ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, 16 დეკემბერს გაიმართება.