სალომე ზურაბიშვილი - მაიკ პომპეოსთან შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მყარია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი
სალომე ზურაბიშვილი - მაიკ პომპეოსთან შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მყარია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი

აშშ-ის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო მდივანი ჩამოსულიყო საქართველოში, მას შემდეგ, რაც იყო საფრანგეთში და ისრაელში გამგზავრებამდე, იმის ნიშანია, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს იყო შეხვედრა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ახლოს ვართ ამერიკა და საქართველო, რამდენად მყარი არის ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსთვის, ამ რეგიონისთვის. მით უმეტეს დღეს, როცა ამ რეგიონში ცვლილებები მიმდინარეობს. ამერიკის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო მდივანი ჩამოსულიყო საქართველოში, მას შემდეგ, რაც იყო საფრანგეთში და ისრაელამდე, მისი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და მეორე – ევროპაში ძალიან სერიოზული მოკავშირე, ამ რიგში რომ ჩასვა საქართველო, იმის ნიშანია, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით დგას. მე ამისთვის მადლობა გადავუხადე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „კოვიდის“ კრიზისის ფონზე, ამერიკამ კიდევ ერთხელ განაახლა მისი მხარდაჭერა ეკონომიკურად და სამომავლოდ იმისთვის, რომ შევძლოთ და მივიღოთ ის ვაქცინები, რომლებიც დაგვჭირდება, როგორც კი გამოვა და ამის საშუალება მოგვეცემა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო რჩება აშშ-ის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარ და მყარ საყრდენად რეგიონში.

„ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სტრატეგიულად ამერიკა ამ რეგიონში არის ჩვენი მხარდამჭერი და იცის, რომ საჭიროა უფრო აქტიურად იყოს ჩართული ამ რეგიონში. მისი განცხადებები, რაც მოვისმინეთ დღეს ყარაბაღის შესახებ და ჰუმანიტარული დახმარება არის ნიშანი, რომ ამ სამშვიდობო პროცესში იქნება ჩართული ამერიკა. ეს გაიმეორა სახელმწიფო მდივანმა და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიები, ამის მიმართ კიდევ ერთხელ გაამყარა ამერიკამ თავისი პოზიცია, თავისი მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და მზადყოფნა, რომ სამშვიდობო პროცესი, მოლაპარაკებები აქაც იყოს განახლებული და გაძლიერებული, რაც ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ იქნება მეტი ამერიკა საქართველოში, რეგიონში, საქართველო რჩება ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მყარი საყრდენი ამ რეგიონში. ამ ვიზიტისა და ამ შინაარსისთვის ძალიან მადლობელნი ვართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს დილით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვდა. მაიკ პომპეო ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ამ წუთებში კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს​ ხვდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღესვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს და ისრაელში გაემგზავრება.

დატოვე კომენტარი