სალომე ზურაბიშვილი - ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის მიზანმიმართული პროპაგანდა ვრცელდება
სალომე ზურაბიშვილი - ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის მიზანმიმართული პროპაგანდა ვრცელდება

ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის მიზანმიმართული პროპაგანდა ვრცელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„ძალიან ბევრი ადამიანი თავს უფლებას აძლევს, გააკეთოს კომენტარები ლუგარის ლაბორატორიაზე იმ დროს, როცა არ მგონია, რამე კომპეტენცია ჰქონდეს. ეს კომენტარები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ისევ ვუბრუნდებით იმ თემას, რომ სოციალური ქსელები გახდა ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართვლოს პრეზიდენტის თქმით, ლუგარის ლაბორატორია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ჯანდაცვისთვის.

„ლუგარის ლაბორატორია არის მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანდაცვისთვის და მისგან ბევრ სიკეთეს ვღებულობთ. ლაბორატორია დღეს არის ქართული უწყება და არა ამერიკული, როგორც უნდა რომ წარმოაჩინონ. თუმცა დახმარება იყო დიდხანს და იმის მაგივრად, რომ ეს დავაფასოთ და ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სასარგებლოდ გავაგრძელოთ მისი ფუნქციონირება, ხელოვნურად არის შემოტანილი დაძაბულობის ნიშნები. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა გრიპის გამო, ოკუპირებული რეჟიმების მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზეზით ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა მიუღებელია.

„ნათელია, რომ საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან მუდმივად არის მცდელობა, ნებისმიერი სიტუაცია თავიანთ სასარგებლოდ და პროვოკაციული ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული. ამ მიზეზით ე.წ. საზღვრების ჩაკეტვა არის მიუღებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.