სალომე ზურაბიშვილი - ლავროვთან შეხვედრამ შეიძლება, რაღაც ფორმით მოიტანოს დეესკალაცია
სალომე ზურაბიშვილი - ლავროვთან შეხვედრამ შეიძლება, რაღაც ფორმით მოიტანოს დეესკალაცია

ეს იყო ერთი შეხვედრა, რომელმაც რაღაც ფორმით შეიძლება, მოიტანოს დეესკალაცია, შემდეგი ეტაპები თუ იქნება, ამას ვნახავთ, ჯერჯერობით, ასეთი არაფერია დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა გერმანელი ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხებოდა.

ჟურნალისტმა ზურაბიშვილს კითხა, რა იქნება სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრის შემდეგი ნაბიჯები, იქნება თუ არა დიალოგი და ისურვებდა თუ არა, რომ ევროკავშირი და გერმანია იყოს ამ პროცესის შუამავალი.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, როცა საქართველომ კონფლიქტური და ოკუპაციის სიტუაციის გადასალახად უარი თქვა ძალის გამოყენებაზე, ამ პირობებში რჩება მხოლოდ დიპლომატიის გზა.

„რაც შეეხება შეხვედრას საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ნიუ-იორკში, ეს არის ერთი შეხვედრა, რომელიც შედგა გაერო-ს ფორმატში, რომელიც ალბათ იმისთვის არის შექმნილი, რომ ყველას ჰქონდეს ყველასთან შეხვედრის საშუალება თავისუფალ გარემოში და არა ისეთ ორგანიზებულ გარემოში,  სხვაგან როგორც ხდება. ჩვენთვის ეს იყო პირველი შეხვედრა. ასეთი გადადგმული ნაბიჯი იმ დროს, როდესაც ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და თან გაერო-ს ფორმატის გამოყენებით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არის და გაერო-ში ჩემს სიტყვაში მე ეს ვთქვი.

როცა ქვეყანამ, როგორიც არის საქართველოს სიტუაცია, კონფლიქტური და ოკუპაციის სიტუაციის გადასალახად უარი თქვა ერთმხრივად ძალის გამოყენებაზე, რჩება მხოლოდ ერთი გზა და ეს არის დიპლომატიის გზა. ამ დიპლომატიის გზაზე ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის გერმანიას, საფრანგეთს, ამერიკას, რომ იყვნენ ჩართული და თავიანთ კონსულტაციებში არასოდეს გამოტოვონ საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სწორია, საქართველომაც გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები.

„მგონი, ამავე დროს სწორია, რომ საქართველომაც გამოიყენოს თავისი საშუალებები, რომ გადადგას წინ ნაბიჯები, მაგრამ ამას ჯერ არაფერი მოყოლია, არაფერი მეტი არ არის დაგეგმილი. ეს იყო ერთი შეხვედრა, რომელმაც რაღაც ფორმით შეიძლება, მოიტანოს დეესკალაცია. შემდეგი ეტაპები თუ იქნება, ამას ვნახავთ. ჯერჯერობით, ასეთი არაფერი დაგეგმილი არ არის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა მედიის კითხვებს გერმანიის პრეზიდენტთან ერთად, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას უპასუხა.