სალომე ზურაბიშვილი - კვირის გეგმები მმართველმა პარტიამ უნდა შეიტყოს კვირას და არა მანამდე, მე ერთ კვირაშიც ვიქნები პრეზიდენტი ქართველი ხალხისთვის და ესაა მნიშვნელოვანი
სალომე ზურაბიშვილი - კვირის გეგმები მმართველმა პარტიამ უნდა შეიტყოს კვირას და არა მანამდე, მე ერთ კვირაშიც ვიქნები პრეზიდენტი ქართველი ხალხისთვის და ესაა მნიშვნელოვანი

კვირის გეგმები, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ, უნდა შეიტყოს კვირას და არა მანამდე, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტში (Rest Is Politics) სტუმრობისას განაცხადა.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რჩება საქართველოს პრეზიდენტად და თავის საქმიანობას გააგრძელებს.

„მნიშვნელოვანი, რაც კვირისთვის უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ პარლამენტი შეიკრიბა არალეგიტიმური არჩევნებითა და არაკონსტიტუციური გზით. კონსტიტუცია დაირღვა ორჯერ. ეს არჩევნები და შესაბამისად, პრეზიდენტის ინაუგურაციაც არ არის ვალიდური. ასე რომ, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ ჩემი სამუშაოს შესრულებას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა მიმართა კითხვით: „თუ კვირას დაგაპატიმრებენ, მაშინ პუტინი მოიგებს, რადგანაც ევროპა არ დაგეხმარათ“?

„არა, ეს ასე არაა. ეს დასასრული არ არის, რადგანაც საქართველოს მოსახლეობა ქუჩაშია. ეს საზოგადოება გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე პოლიტიკური ელიტაა. ეს თაობა დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში, ძალიან განსხვავებული და თავისუფალია. ისინი მოგზაურობენ და სწავლობენ საზღვარგარეთ. ეს ხალხი არ მიიღებს, რომ ევროპულ მომავალს მოჰპარავენ. ასე რომ, რაც არ უნდა მომივიდეს მე, ეს ამ ხალხის გაერთიანებას გამოიწვევს. რაც არ უნდა იყოს გადაწყვეტილებები, თუნდაც ყველაზე ნელი, ფრთხილი, ესეც არაფერს შეცვლის, რადგანაც საქართველო საუკუნეებია, მიჩვეულია, რომ თავის ბრძოლას თვითონვე აწარმოებს“, – უპასუხა ზურაბიშვილმა და აღნიშნა: „მე ერთ კვირაშიც ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი ქართველი ხალხისთვის და ესაა მნიშვნელოვანი“.