სალომე ზურაბიშვილი - ხვალინდელი საქართველოს განვითარებისა და სტაბილურობის გასაღები რეგიონებშია
სალომე ზურაბიშვილი - ხვალინდელი საქართველოს განვითარებისა და სტაბილურობის გასაღები რეგიონებშია

ხვალინდელი საქართველოს განვითარებისა და სტაბილურობის გასაღები რეგიონებშია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ხონში ამომრჩეველს შეხვდა.

ზურაბიშვილი ხონში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარიასა და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატ ცოტნე ზურაბიანთან ერთად ჩავიდა.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, მისი გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრის შესახებ არა ამბიციური ზრახვა, არამედ საქმეზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა.

„ვიცი, რომ ეს საქმე რთული იქნება, რადგან ქვეყანაში რთული სოციალური ფონია. მოვიარე ყველა რეგიონი და ვიცი, რა მდგომარეობაშია ქვეყანა. ჩემი დღევანდელი კამპანია დაიწყო იმერეთიდან. ხვალინდელი საქართველოს განვითარების ადა სტაბილურობის გასაღები რეგიონებშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიგრაცია გაგრძელდება. ეს არის ეკონომიკური ემიგრაცია, რომელიც ქვეყანას საუკეთესო შვილებისგან ცლის. არ ვიცი ქვეყანა, რომელიც რეგიონების გარეშე არის ცოცხალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, რეგიონს აცოცხლებს ეკონომიკა და კულტურა.

„ვსაუბრობთ ევროპაზე და გეტყვით, რომ ევროპა არის ხონი. აქ მოსვლამდე შევხვდი ქალთა კლუბის წევრებს და მივხვდი, ეს არის ევროპა, როცა პატარა ქალაქში ცხოვრობს კულტურა. ეკონომიკა და კულტურა აცოცხლებს რეგიონს.

„ჩვენ ევროპელები ვიყავით, საქართველოს ყველა ნაწილი იყო განვითარებული, შემდეგ საბჭოთა კავშირმა მოგვახვია თავს თავისი ცენტრალიზაცია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ქვეყანა შრომით შენდება, შესაბამისად, ის აპირებს იმუშაოს და იდეების გენერატორი იყოს.

რაც შეეხება კითხვას ზურაბიშვილის წანააღმდეგ პეტიციაზე, პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ამაზე პასუხი 73 ათასი მოქალაქის ხელმოწერაა

„ჩემი პეტიცია შევსებულია და მას 73 ათასმა ადამიანმა მოაწერა, ჩემი კანდიდატურის წარდგენას. ეს არის ჩემი პასუხი ინტერნეტში გავრცელებულ პეტიციაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ამომრჩევლებს საკუთარი პროგრამა ხონის კულტურის სახლში გააცნო.