სალომე ზურაბიშვილი ხვალ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება
სალომე ზურაბიშვილი ხვალ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ პარლამენტში მოხსენებით წარდგება. პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის

„საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 6 მარტს, 12:00 საათზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის მქონე თემებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციათა თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. მათი გამოსვლის შემდეგ უკვე გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლები. პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, გამოსვლისას პრეზიდენტი აქცენტებს გააკეთებს ყველა მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელთა მიმართაც განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და მათ შორის, ისაუბრებს შეწყალების კომისიაზე.