სალომე ზურაბიშვილი - ხშირად ავიწყდებათ, რომ შარლ მიშელის შეთანხმება მოხდა პრეზიდენტის სასახლეში, ეს თუ არ არის თანხმობის ნიშანი, აღარ ვიცი, რა არის, მეტს კი არ ვითხოვთ დღეს, ეს გავიმეოროთ
სალომე ზურაბიშვილი - ხშირად ავიწყდებათ, რომ შარლ მიშელის შეთანხმება მოხდა პრეზიდენტის სასახლეში, ეს თუ არ არის თანხმობის ნიშანი, აღარ ვიცი, რა არის, მეტს კი არ ვითხოვთ დღეს, ეს გავიმეოროთ

მე იმას მივაღწიე, რაც ხშირად ავიწყდებათ, რომ შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შეთანხმება მოხდა სასახლეში. დავანებოთ თავი, რომ ამაში რა იყო ჩემი როლი. ყველა მოვიდა და იქ მოაწერეს ხელი. ეს თუ არ არის თანხმობის ნიშანი, აღარ ვიცი, რა არის. მეტს კი არ ვითხოვთ დღეს, ეს გავიმეოროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან ურთიერთობებს ეხებოდა. „თქვენ პრეზიდენტობის პირველი ნაწილი გაატარეთ ოპოზიციასთან დაპირისპირების რეჟიმში. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის დამოკიდებულება თქვენ მიმართ მკვეთრად კრიტიკული იყო, მეორე ნაწილი უკვე ხელისუფლებასთან დაპირისპირების რეჟიმში მიმდინარეობს და ასევე, საკმაოდ კრიტიკულია ხელისუფლების დამოკიდებულება თქვენთან. ბოლოს, როდესაც ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ საუბრობდით ეროვნულ თანხმობასა და ერთიანობაზე, რაც, ასევე, პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა სახელმწიფოში, ეროვნული თანხმობა და ერთიანობა. რამდენად ფიქრობთ, ამ მოცემულობაში, რომელიც ახლა ყალიბდება უმრავლესობასთან, მანამდე იყო ოპოზიციასთან, თქვენ შეძელით ამ ერთიანობის ელემენტის შესრულება?“

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციასთან დაპირისპირება არ ჰქონია.

„დაპირისპირებული ოპოზიციასთან მე არ ვყოფილვარ. ჩემი პრეზიდენტობის პირველ ეტაპზე, კოვიდამდე, მე ვთვლიდი, რომ საჭირო არის თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, რომელიც დამეხმარა ამ არჩევნებში. მე ვამბობდი, არჩევნების კამპანიის დროს, რომ ვიყავი დამოუკიდებელი კანდიდატი, მაგრამ დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც არ წარადგინა პარტიამ, დათმო და თვითონ არ აყენებს კანდიდატურას, რაც კონსტიტუციით ისედაც რთული იქნებოდა. ეს გვაძლევდა რაღაც დამატებით ბერკეტებს, რადგან შეიძლებოდა, შეთანხმებით რაღაც კანონებზე მუშაობა, ინიციატივა და რაღაცები, დიდად არ ვიცი, თუ გაამართლა. მერე მოვიდა კოვიდი და იყო თანამშრომლობა ამ პერიოდში საკითხზე, რომელიც იყო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ამავე დროს, იყო ეს ეროვნული თანხმობის ინიციატივა, რომელიც შემდეგ, ამ კოვიდში ჩაიკარგა. მეგონა და ვთვლიდი, რომ ევროკავშირი იყო მთავარი თემა. მე იმას მივაღწიე, რაც ხშირად ავიწყდებათ, რომ შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შეთანხმება მოხდა სასახლეში. დავანებოთ თავი, რომ ამაში რა იყო ჩემი როლი. ყველა მოვიდა და მოაწერა ხელი. ეს თუ არ არის თანხმობის ნიშანი, მე აღარ ვიცი, რა არის. მეტს კი არ ვითხოვთ დღეს, ეს გავიმეოროთ. წელიწად-ნახევარი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც ამ ტიპისას გავიმეორებთ.

რაც ეხება ვეტოების საკითხს, ჯერ ერთი, დაითვალეთ, რამდენი კანონი იქნა მიღებული და კიდევ არის რამდენიმე, რამდენზე გამოვიყენე ვეტო. ვეტო სამჯერ გამოვიყენე. ერთი იყო რუსული კანონი, რომელიც ბოლოს არ მოვიდა ჩემამდე. სამივეჯერ ეს არის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დაცვა. ეს არის ჩვენი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რომელიც არის ქვეყნის რეპუტაციისთვის უმნიშვნელოვანესი. ორი კანდიდატი ახლა კი არ ჩამიგდეს, ჩააგდეს მანამდე. გაწელეს ისე, რომ შეუძლებელი გახდა. მერე ამბობენ, თუ არ დანიშნე ბორდში, ეს ხელს უშლის ამ ორგანოს მუშაობას, როცა მშვენივრად მუშაობდა და არავინ აკლდა ბორდში, რომელსაც, სხვათა შორის, არ აქვს ძალიან დიდი როლი და გასაძლიერებელია. იყო მოვალეობის შემსრულებელი სრულიად პასუხისმგებელი, პროფესიონალი და ყველასთვის მისაღები ადამიანი. ასე რომ, არავითარი შეფერხება არ ყოფილა. იყო მცდელობა, ხაზი გამესვა, რომ არ შეიძლება, შენ მაწვებოდე იმისთვის, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც უნდა დანიშნო, თუ არ დანიშნავ, მაშინ ეს ხდება მიუღებელი. ჩვენი ინსტიტუტების დამოუკიდებლობაა ის, რაც რჩება. იგივე ეხება ცესკო-ს თავმჯდომარეობას, არის გასაფრთხილებელი ყველასგან. გავუფრთხილდეთ. ეს არის ჩემი გზავნილი სიმბოლური ვეტოთი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.