სალომე ზურაბიშვილი - ხარისხიანი, ხელმისაწვდომი განათლება საქართველოსათვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტსა და განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს
სალომე ზურაბიშვილი - ხარისხიანი, ხელმისაწვდომი განათლება საქართველოსათვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტსა და განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს

ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფა დღესდღეისობით საქართველოსათვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტსა და ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რათა ეკონომიკის მოდერნიზაცია მოახდინოს და საერთაშორისო სტანდარტები დანერგოს მსოფლიო ბაზრებზე ადგილის დასამკვიდრებლად.

„ბატონო პრეზიდენტო, სიღარიბის დაძლევა საქართველოს ყოველი მთავრობების უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს. ჩვენი ქვეყანა ძალისხმევას არ იშურებს, რათა ეკონომიკის მოდერნიზაცია მოახდინოს და საერთაშორისო სტანდარტები დანერგოს მსოფლიო ბაზრებზე ადგილის დასამკვიდრებლად, ოპტიმალურად გამოიყენოს თავისი უნიკალური პოზიცია ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის, რომლებზეც მას თავისუფალი წვდომა აქვს; საქართველო სწორ გზაზეა მდგრადი ზრდის მიმართულებით. მაგრამ ჩვენ მეტის გაკეთება გვჭირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში განათლების ხარისხსა და მის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა.

„განათლება და კვალიფიკაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია უმუშევრობისა და სიღარიბის დასაძლევად. ეს არა მხოლოდ ნებისმიერი ადამიანის ძირითადი უფლება, არამედ ყოველი ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაც გახლავთ. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფა დღესდღეისობით საქართველოსათვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტსა და ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ეს ჩვენი პრიორიტეტი მხოლოდ სიტყვებით კი არ არის გამოხატული, არამედ კონკრეტულ ციფრებში აისახება: დაგეგმილია განათლების ბიუჯეტის გაზრდა, 2022 წელს იგი მშპ-ს 6 %-ს მიაღწევს. ჩვენ უკვე განვახორციელეთ განათლების სისტემის გარდაქმნისკენ მიმართული რიგი რეფორმები, რაც საშუალებას მოგვცემს, პირველ რიგში, აღვზარდოთ თავისუფალი მოქალაქეები და შემდგომში, კონკურენტუნარიანი გავხდეთ საერთაშორისო პლატფორმაზე. მეცნიერება და ტექნოლოგია, კვლევა და ინოვაცია მომავალი განვითარების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველო უდიდეს ყურადღებას აქცევს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას და ამ მიმართულებით წამყვან ევროპულ და ამერიკულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობს. ქართველი სტუდენტები სიხარულით უერთდებიან მსოფლიო სტუდენტურ საზოგადოებრიობას, 3600 სტუდენტმა უკვე მიიღო მონაწილეობა ერასმუსის პროგრამაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.