სალომე ზურაბიშვილი იტალიაში სახელმწიფო ვიზიტს ხვალ დაიწყებს
სალომე ზურაბიშვილი იტალიაში სახელმწიფო ვიზიტს ხვალ დაიწყებს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფო ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში ხვალ დაიწყება. 7 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია რომში, „კვირინალეს“ სასახლეში გაიმართება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები: იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, სენატის თავმჯდომარე მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზელატისთან, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტო ფიკოსთან, რომის მერ რობერტო გუალტიერისთან.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ქეთევან თათოშვილი, განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინე ნაცვლიშვილი.