სალომე ზურაბიშვილი - ისრაელს შეუძლია, ჩვენი შეშფოთება რუსეთთან​ გაახმოვანოს
სალომე ზურაბიშვილი - ისრაელს შეუძლია, ჩვენი შეშფოთება რუსეთთან​ გაახმოვანოს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ისრაელს შეუძლია, იყოს საქართველოს შეშფოთების გამხმოვანებელი რუსეთთან. ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა „იერუსალემ პოსტთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.

„ჩვენ გვაქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. იქ არის რუსული სამხედრო ბაზები. ადამიანებს იტაცებენ. ეს ძალიან მტკივნეულია“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოს პრეზიდენტი ისრაელსა და საქართველოს ერთმანეთს ადარებს და ამბობს, რომ „ეს ორი პატარა სახელმწიფო ისეთ გარემოში მდებარეობენ, სადაც ისტორიულად და დღესაც ძალიან კომპლექსური, რთული, გამოწვევებით აღსავსე და ზოგჯერ საფრთხის შემცველი ვითარებაა და მათ ბევრ შეტევასთან გამკლავება მოუწიათ“.

„ის რომ ჩვენ საუკუნეების განმავლობაში, გადავლახეთ ეს საფრთხეები და მოვახერხეთ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა, არის რაც გვაერთიანებს. ეს კავშირი უფრო ძლიერია, ვიდრე უბრალოდ სიმპათია“, – ამბობს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, ისრაელს შეუძლია, იყოს საქართველოს შეშფოთების გამხმოვანებელი, რადგან მას „შეუძლია, დაიცვას სუვერენული ქვეყნის უფლება, აკონტროლოს საზღვრები და ტერიტორიები“.

„იერუსალემ პოსტთან“ ინტერვიუში ზურაბიშვილი ხაზს უსვამს საერთაშორისო ურთიერთობებში დიალოგის მნიშვნელობას და ეწინააღმდეგება იზოლაციას.

მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა გზავნილი რუსეთამდე მიიტანონ.

„დიალოგი უნდა ითვალისწინებდეს ურთიერთქმედებას და ჩვენს უახლოეს პარტნიორებს, მუდმივად უნდა ვახსენებდეთ, როგორც ეს დღეს მე გავაკეთე ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, რომ ისინი უნდა იყვნენ ჩვენი ხმა ამ ძლიერ მეზობელთან, რათა შეახსენონ მას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და გაახსენონ ჩვენს მეზობელს, რომ ოკუპაციასა და ძალისმიერ მიდგომაზე დამყარებული გამოსავალი არასდროს მოიტანს სტაბილურობას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ომის მიუხედავად, ის არ აირჩევს პოლონეთის პრეზიდენტის გზას, რომელიც ჰოლოკოსტის ფორუმზე არ ჩავიდა, რადგან ამ ღონისძიებას პუტინიც ესწრება.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველო წინ მიიწევს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. მისივე თქმით, საქართველო 2020 წელს ევროპაში დაგეგმილ სამხედრო მანევრებში მიიღებს მონაწილეობას. ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ამ მანევრებში იქნება წარმოდგენილი როგორც ნატო-სა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ავღანეთის მისიის მონაწილეა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და ორგანიზაციის წევრობისკენ საკანონმდებლო ნაბიჯებიც გადადგა. თუმცა, მისივე განცხადებით, ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი არასათანადო პოლიტიკური სიტუაციის გამო შეფერხდა.

„სანამ მომლოდინეთა რიგებში ვართ, ჩვენი პრიორიტეტია მკაფიო ნაბიჯები გადავდგათ წინ ამ ორგანიზაციებისკენ, რათა ჩვენმა მოსახლეობამ დაინახოს, რომ წინსვლა არ შეჩერებულა და რომ ჩვენ ვუახლოვდებით ამ ორგანიზაციებს და თანამშრომლობა უფრო მჭიდროა“, – ამბობს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ნატო-სთან თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ სფეროდ კიბერუსაფრთხოებას ასახელებს. ზურაბიშვილის თქმით, ამ სექტორში ისრაელთანაც სურს თანამშრომლობის გაძლიერება.

„იერუსალემ პოსტი“ წერს, რომ კიბერუსაფრთხოება ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მისი ადმინისტრაცია ორჯერ გახდა კიბერიერიშის სამიზნე.

„ეს შემაშფოთებელია და ჩვენ ამას უნდა გავუმლავდეთ“, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

ინტერვიუს დროს სალომე ზურაბიშვილმა ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულ ურთიერთობასა და თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სიტუაცია, როდესაც ირანი ურანს კვლავ ამდიდრებს და აშშ თეირანზე ზეწოლას აძლიერებს, საქართველოზე ნეგატიურად მოქმედებს.

„ირანი ჩვენთვის მეზობელი ქვეყანაა. შემაშფოთებელია, თუ ირანსა და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ან აშშ-სა და სხვა პარტნიორებს შორის ურთიერთობა დაიძაბება ან კონფრონტაციული გახდება. სანქციებს აქვთ ეფექტი ისეთ ქვეყნებზე, როგორიც ჩვენ ვართ, რომელთაც ნორმალური სავაჭრო ურთიერთობები აქვთ“, – აცხადებს ზურაბიშვილი.