სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, ოდა სახლები იუნესკო-ს მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს
სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, ოდა სახლები იუნესკო-ს მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს

ინიციატივით გამოვედი, რომ იუნესკო-ს მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიტანოთ ოდა სახლები, რადგან ეს საქართველოსათვის ძალიან დამახასიათებელი და განსაკუთრებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ამბროლაურში განაცხადა, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანიზებულ „მდგრადი განვითარების მიზნების ფესტივალში“ მონაწილეობს.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალი საქართველოს რეგიონების განვითარების შესაძლებლობებს ეძღვნება.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში „როიალ ხვანჭკარას“ ღვინის ქარხანა დაათვალიერა, ხვანჭკარა დააგემოვნა და ეთნოგრაფიული კუთხე დაათვალიერა.

ღვინის კომპანია „როიალ ხვანჭკარა“ 2015 წელს დაარსდა და მისი მთავარი გამოწვევა სწორედ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაცოცხლება და რაჭის მეღვინეობის უმდიდრესი კულტურის აღდგენაა.

პრეზიდენტის განცხადებით, რაჭის რეგიონს განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია.

,,ერთ-ერთ სოფელში მიმდინარეობს ოდა სახლების კონსერვაცია – შენარჩუნება და მოხდა მისი სტატუსის დამკვიდრება. ინიციატივით გამოვედი, რომ იუნესკო-ს მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიტანოთ ოდა სახლები, რადგან ეს საქართველოსათვის ძალიან დამახასიათებელი და განსაკუთრებულია. მთელს მსოფლიოში ტურისტები სწორედ იმას ეძებენ, რაც რაჭაშია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა – „გოგონები მომავლიდან“ დაათვალიერა. დინა ოგანოვას ფოტოპროექტი „გოგონები მომავლიდან“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს ასახავს.

პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი