სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სიის პირველ 15 წევრს შორის დიასპორის წარმომადგენელი შეიყვანონ
სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სიის პირველ 15 წევრს შორის დიასპორის წარმომადგენელი შეიყვანონ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დიასპორა პარლამენტში სათანადოდ უნდა იყოს წარმოდგენილი. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სიებში პირველ 15 ადამიანს შორის დიასპორის წარმომადგენელი შეიყვანონ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში დიასპორის საკითხებზე მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დიასპორის წარმომადგენლის სიაში შეყვანა მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის.

„აუცილებელია ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს მივცეთ ყველა პოლიტიკური უფლება. ეს ნიშნავს უფლებას, მონაწილეობდეს არჩევნებში და სამწუხაროდ, დღევანდელი ჩვენი საკონსულოების გაშლა არ აძლევს ძალიან ბევრ ჩვენს თანამემამულეს ფიზიკურ საშუალებას, არჩევნებში სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა. ჩვენი სიები ძალიან არასრულყოფილია, უამრავი პრობლემაა. უნდა არსებობდეს საშუალება, რომ დიასპორა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. სხვანაირად დიასპორული ინტერესები არავისგან იქნება ისე წარმოდგენილი და გათვითცნობიერებული, თუ არა იმ ადამიანებისგან, რომლებიც არიან დიასპორის ნაწილი. ეს ფორმა არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში, სწორედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი დიასპორა და რომლებმაც გაიგეს, რომ ამ დიასპორას მისცეს სიტყვის უფლება პარლამენტში, კანონებში ჩართულობის უფლება. ჩვენ შევდივართ საარჩევნო წელიწადში და გთავაზობთ პარლამენტს, უპირველესად, რომ ყველა სიაში, ყველა პარტიამ, არ ვიცი პროპორციული იქნება, მაჟორიტარული, თუ როგორ იქნება, იყოს საშუალება, რომ ერთი ადამიანი მაინც პირველ 15 წევრში იყოს დიასპორის წარმომადგენელი. ეს იქნება ძალიან დიდი სიახლე, ძალიან დიდი გზავნილი ჩვენი დიასპორის წევრებისთვის. ამ კუთხით რომ გაჩნდეს შეჯიბრი სხვადასხვა პარტიას შორის, ეს იქნება ძალიან პოზიტიური შეჯიბრი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.