სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ მნიშვნელოვან შეხვედრებზე ყოფილი პრეზიდენტის დასწრებას საფუძველი ჩაეყრება
სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ მნიშვნელოვან შეხვედრებზე ყოფილი პრეზიდენტის დასწრებას საფუძველი ჩაეყრება

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისისა და ქალბატონ ანდრი ანასტასიადისის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალურ ვახშამს, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლეც ესწრებოდნენ.

„ჩვენთან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი. საქართველოში ეს ტრადიცია აქამდე არ გვქონია და ვიმედოვნებ, დღეიდან ჩვენ მას საფუძველს ჩავუყრით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში.