სალომე ზურაბიშვილი - იმედი გვაქვს, საქართველოსა და გერმანიის ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება
სალომე ზურაბიშვილი - იმედი გვაქვს, საქართველოსა და გერმანიის ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება

გერმანია და საფრანგეთი დღეს ევროპისა და ევროკავშირის ძრავაა, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გერმანელ კოლეგა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან გერმანიის პრეზიდენტს საქართველო-გერმანიის ეკონომიკური კავშირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს ორი ქვეყანა, გერმანია და საფრანგეთი გვყავს, როგორც ძალიან ძლიერი მეგობრები და მათზე ვართ დამოკიდებული, რათა უფრო სწრაფად და წინ გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირთან დაახლოების, ყველა იმ ფორმატსა და პროგრამებში შესვლის, სადაც უნდა ვიყოთ და შეგვიძლია, ვიყოთ. ასევე, მინდა, დიდი მადლობა მოგახსენოთ იმ ეკონომიური კავშირებისთვის, რაც ჩვენ გვაქვს გერმანიასთან. გერმანია ამ წლების განმავლობში, საქართველოსთვის მეორე დონორია, მუდმივად, პირველივე დღიდან იყო. ეს გრძელდება, რაც  ძალიან დიდი დახმარებაა საქართველოსთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის ეკონომიკური კავშირები გაღრმავდება.

„ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება, მეტი გერმანული კომპანიები ჩამოვლენ საქართველოში, მეტი ინვესტიცია და მეტი თანამშრომლობა იქნება. მხოლოდ ინვესტიცია არ არის თვითმიზანი, თვითმიზანი არის მეტი თანამშრომლობა და კავშირების გაძლიერება საქართველოსა და გერმანიას შორის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.