სალომე ზურაბიშვილი - იმ ძალიან დიდი საქმის ნაწილი, რასაც მეგონა, რომ მიშა სააკაშვილი აკეთებდა, თურმე ყოფილა ბიძინა ივანიშვილი, ამის მერე რთულია თქმა, რომ ის რუსი ოლიგარქია
სალომე ზურაბიშვილი - იმ ძალიან დიდი საქმის ნაწილი, რასაც მეგონა, რომ მიშა სააკაშვილი აკეთებდა, თურმე ყოფილა ბიძინა ივანიშვილი, ამის მერე რთულია თქმა, რომ ის რუსი ოლიგარქია

გავიგე, რომ იმ ძალიან დიდი საქმის ნაწილი, რასაც მეგონა, რომ მიშა სააკაშვილი აკეთებდა, ანუ პოლიციის, ჯარის სახით, თურმე ყოფილა ბიძინა ივანიშვილი. ძალიან რთულია, ამის მერე თქვა, რომ ეს არის რუსი ოლიგარქი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა 2007 წელს დაწერილ წიგნზე ისაუბრა, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქად მოიხსენია.

„წიგნი 2007 წელს დავწერე და 2008 თუ 2009 წელს გამოიცა. მე რაც დავწერე წიგნში, ეს არის ის, რასაც ფიქრობდა იმდროინდელი სალომე ზურაბიშვილი. ოლიგარქი არის საერთო ცნება. ეს იყო ჩემი დახასიათება.  იყო ის, რაც იყო. ჩემი და საქართველოს საზოგადოების დახასიათება ადამიანის, რომელსაც არ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავდა. იმის მერე გავიგე ბევრი რამ. მაგალითად, გავიგე, რომ ნაწილი იმ ძალიან დიდი საქმის, რასაც მეგონა, რომ მიშა სააკაშვილი აკეთებდა, ანუ პოლიციის, ჯარის სახით, თურმე ყოფილა ბიძინა ივანიშვილი. ძალიან რთულია, ამის მერე თქვა, რომ ეს არის რუსი ოლიგარქი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ის დღეს ბიძინა ივანიშვილზე, ასევე მიხეილ სააკაშვილზე განსხვავებულად ფიქრობს.

„დღეს ჩემი ინფორმაცია არის განსხვავებული, სხვანაირად ვფიქრობ. სხვანაირად ვფიქრობ ასევე მიშა სააკაშვილზე, რომელსაც წამოვყევი 2004 წელს უდიდეს ავანტიურაზე და სხვანაირად ვფიქრობდი მასზე. მას შემდეგ, რაც ვნახე ახლოდან, სულ სხვანაირად ვფიქრობ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.