სალომე ზურაბიშვილი - გვჭირდება ის თავისუფლება, რაც სვანეთში სუფევს, ის გამძლეობა და ერთგულება, რომლითაც დღემდე მოიტანეთ საქართველოს საგანძური
სალომე ზურაბიშვილი - გვჭირდება ის თავისუფლება, რაც სვანეთში სუფევს, ის გამძლეობა და ერთგულება, რომლითაც დღემდე მოიტანეთ საქართველოს საგანძური

ჩვენ ყველას უფრო და უფრო გვჭირდება ის თავისუფლება, რაც აქ სუფევს და ის გამძლეობა და ერთგულება, რაც თქვენთვისაა დამახასიათებელი. თქვენ მოიტანეთ დღემდე საქართველოს საგანძური: თქვენი ხელოვნება, რომელიც ძალიან მდიდარი და ძალიან დასაფასებელია, ასევე ის, რასაც განდობდნენ საქართველოს მეფეები, ის, რაც იყო აქ შენახული და რისთვისაც თქვენ ასეთი ერთგულება გამოიჩინეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში ტაძრის საგანძურის მცველებისა და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

„აქ, სვანეთში სხვა, უფრო ძლიერი და თავისუფალი საქართველო იგრძნობა, არ ვიცი რატომ. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ გალაღებულია სვანეთი, რადგან აქაც ძალიან ბევრი პრობლემაა.

ბოლოს ოთხი წლის წინ ვიყავი აქ. დღეს მეჩვენება, რომ ბევრად გაცოცხლებულია სვანეთი და ძალიან ბევრი მიმართულებით მიდის წინ, იმედი მაქვს, არ ვცდები.

მართალია, როგორც ყველამ, თქვენც განიცადეთ „კოვიდის“ პერიოდი, რომელმაც რაღაცა ფორმით შეანელა ეს წინსვლა, მაგრამ მაინც არის ახალი სიცოცხლის სურნელი, რაც ძალიან სასიამოვნოა.

ეს, ცხადია, ნაწილობრივ დაკავშირებულია ტურიზმთან და ძალიან კარგია, რომ ტურიზმი გამოცოცხლდა. ძალიან ბევრი აქვს სვანეთს გასაცემი, ჯერ კიდევ არ არის ისეთი ცნობილი, როგორიც უნდა იყოს. მთავარია, რომ ტურიზმის განვითარებაში სწორი გზა იქნას არჩეული. მსოფლიოში ძალიან ბევრი, სხვადასხვა სახის ტურიზმი არსებობს და ზოგიერთ ფორმას თავისი, ძალიან ბევრი მინუსი აქვს.

კულტურის მიმართულებით სვანეთი მდიდარი საგანძურია. უნდა მოვიზიდოთ იმ კატეგორიის ტურისტები, რომლებიც მართლაც დაინტერესებულნი იქნებიან ყველაფრით, რაც სვანეთს გააჩნია და არა მხოლოდ ზედაპირულად, ლამაზი ბუნებით. ასეთი ბუნება იშვიათია, მაგრამ კიდევ უფრო იშვიათია, როცა ბუნებასთან ერთად, არის უნიკალური კულტურა და ამდენი არაჩვეულებრივი სანახაობა.

მე, პირადად, ამჯერადაც გავაკეთე ბევრი აღმოჩენა და ვიცი, რომ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სანახავი. ეკლესიები და ეკლესიებში შენახული, დღემდე მოტანილი საოცარი სიწმინდეები. თუ ტურისტი ჩამოდის აქ, ამ ყველაფერს უნდა იზიარებდეს, მაშინ ჩვენი ტურისტები, შემდგომში მეგობრები გახდებიან, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება.

მხოლოდ ტურიზმი არ არის, ასევე ვითარდება სამთო-სათხილამურო მიმართულებაც. გუშინ ვნახეთ ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი ტრასები. იმედი მაქვს, რომ ზამთარშიც ჩამოვალ და ჩამოვსრიალდები, მაგრამ ამ კუთხითაც მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. მართლაც მგონია, რომ სვანეთი, ეს არის ხერგიანების კუთხე და არა მხოლოდ. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია ამ კუთხიდან და ეს მხარე იმსახურებს, რომ აქ არსებობდეს ნამდვილი, საერთაშორისო დონის სპორტსკოლა – არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ თანამედროვე დონისა და მეთოდების მქონე უცხოელი ტრენერებით და ეს სვანეთის განვითარების ახალი ეტაპი იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.