სალომე ზურაბიშვილი - გრიგოლ ფერაძემ ემიგრაციაში შეასრულა ის როლი, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ქართული ეკლესია ასრულებდა
სალომე ზურაბიშვილი - გრიგოლ ფერაძემ ემიგრაციაში შეასრულა ის როლი, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ქართული ეკლესია ასრულებდა

გრიგოლ ფერაძემ შეასრულა ემიგრაციაში ის როლი, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ქართული ეკლესია ასრულებდა, არამხოლოდ როგორც რწმენის გაძლიერების ადგილი, არამედ ის ადგილი, სადაც ქართული იდენტობა იყო შენახული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემთვის გრიგოლ ფერაძე არ არის მხოლოდ მითიური სახე, ეს არის ნაწილი იმ ისტორიის, რომელშიც აღვიზარდეთ. პირადად არ ვიცნობდი გრიგოლ ფერაძეს, უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მისი კვალი ქართული მიწა-წყლში და ქართულ ეკლესიაში იყო ძალიან ძლიერი. მისი ხსოვნა მუდამ იყო ის, რაც იგრძნობოდა ეკლესიაში და არამხოლოდ ეკლესიაში, როგორც რწმენის კერაში, არამედ როგორც ამ ემიგრაციის სულისჩამდგმელი. მან შეასრულა ემიგრაციაში ის როლი, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ქართული ეკლესია ასრულებდა, არამხოლოდ რწმენის გაძლიერების ადგილი, არამედ ის ადგილი, სადაც ქართული იდენტობა იყო შენახული და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო უცხოეთში, ემიგრაციაში, რომ ყველაფერი ის, რაც იყო საქართველოს სიმბოლოები და საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოები, ყოფილიყო შენარჩუნებული. ეს ვერ იქნებოდა, ეკლესია რომ არ ყოფილიყო. ეკლესიამ ითამაშა ეს დიდი როლი იმის მიუხედავად, რომ იქ იყო ძალიან ბევრი წინააღმდეგობა. მოგეხსენებათ, პოლიტიკური წინააღმდეგობები არ არის ახალი, ძველია, მაგრამ ამის მიუხედავად ეს ეკლესია გახდა მართლაც ის ადგილი, სადაც ქართული სული, საქართველოს დამოუკიდებლობის სული იქნა შენარჩუნებული. ეს დაიწყო გრიგოლ ფერაძეთი, გაგრძელდა და დღემდე მოდის. გრიგოლ ფერაძემ ასევე შეასრულა ძალიან დიდი როლი იმისა, რომ გვაჩვენებს, რა არის პიროვნება, რა არის მაგალითი, ყოველმხრივ მაგალითი თავისი თავდადებით, როგორც თავისი ცხოვრება წაიყვანა ბოლომდე თავისი ღირსებით, თავისი თავისუფლებით, როგორ შეეჭიდა ტოტალიტარულ სისტემას, როგორ შეიძლება ადამიანმა გაუძლოს ტოტალიტარულ სისტემას, ამ ყველაფერს გვასწავლის. ეს არის გზა, რომელიც გავლილი იყო საქართველოს მიერ ამ მძიმე პირობებში, ოკუპირებულ საქართველოსი, რომელიც ნაწილობრივ გრძელდება და ის წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის დიდ მაგალითს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, გრიგოლ ფერაძე პირველად პოლონეთმა აღიარა.

„ეს ჩვენი ჩვევა არის, რომ თუ სხვებმა ჯერ არ აღიარეს, გვიჭირს, ჩვენ თვითონ დავინახოთ ნამდვილი ძალა. ამისთვის დიდი მადლობის თქმა გვეკუთვნის სწორედ პოლონელების მიმართ. პირველად იქ დაბეჭდეს მისი ნაშრომები“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე საქართველოსა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ წმინდანად არის შერაცხ​ილი.