სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება
სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა დღეს შედგება.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში 16:00 საათზე გაიმართება.

როგორც პირველ არხს ლაშა ჟვანიამ განუცხადა, რომელიც სავარაუდოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, საუბარი შეეხება როგორც არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის, ასევე საქმეების გადაბარების საკითხებს.

„ინაუგურაციას რაც შეეხება, ორშაბათს შედგება არჩეული პრეზიდენტისა და პრეზიდენტის შეხვედრა. სავარაუდოდ, იქ ჩამოყალიბდება გადაბარების ჯგუფი და ასევე, მსჯელობა იქნება ინაუგურაციის დეტალებზე, რომელიც ვიცით, რომ 16 დეკემბერს უნდა იყოს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

გიორგი მარგველაშვილმა 29 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელ პირს დაასახელებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, საქმის გადაბარებაზე ითანამშრომლოს. სალომე ზურაბიშვილმა იმავე დღეს განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მზად არის.