სალომე ზურაბიშვილი - გერმანიის პრეზიდენტთან განვიხილეთ მიგრაციის თემა, რომელიც ბევრ ჩვენს პარტნიორს აწუხებს და ჩვენც გვაწუხებს
სალომე ზურაბიშვილი - გერმანიის პრეზიდენტთან განვიხილეთ მიგრაციის თემა, რომელიც ბევრ ჩვენს პარტნიორს აწუხებს და ჩვენც გვაწუხებს

გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან განვიხილეთ მიგრაციის თემა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე საუბრისას.

მისი თქმით, ეს საკითხი ძალიან აწუხებს საქართველოს პარტნიორებს, ასევე საქართველოსაც.

„ასევე განვიხილეთ თემა, რომელიც ბევრ ჩვენს პარტნიორს აწუხებს. ეს არის მიგრაციის თემა და ეს ჩვენც გვაწუხებს. ფაქტია, რომ ეს ტალღა ვერ შენელდა. თუმცა ახლა მიღებულია კონკრეტული ზომები და თანამშრომლობა, ეს იქნება ფრონტექსტთან თუ ინდივიდუალურ ქვეყნებთან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მეორე ასპექტში გადავა, რომელსაც ცირკულარული მიგრაცია, ანუ დროებითი მიგრაცია ჰქვია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, დროებითი მიგრაცია ამავე დროს პროფესიონალურ კვალიფიკაციას უწყობს ხელს.

„ეს ერთ-ერთი ცივილიზებული გზაა, რომ ის მიგრაციული ტალღა შევცვალოთ აქტიურ, დროებით ტალღად, რომელიც შემდეგ ქვეყანას თავის გამოცდილებით დაუბრუნდება. ეს განვითარების კიდევ ერთ-ერთი სერიოზული საფუძველი იქნება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ.