ქვეყნისა და ხალხის მიმართ ერთგულება არაფრით არ შეიცვლება, ვიქნები სასახლეში, თუ სასახლის გარეთ, აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის ეზოში განაცხადა.
„მინდა, პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს, რადგან დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქით არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება. იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ, რადგან ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების, აგერ არის ეს გისოსები და არ გვეშინია. მინდა, თქვენ გითხრათ და ჩაგაბაროთ ანგარიში. ექვსი წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე. ამიტომ ვარ მე დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით არ შეიცვლება, ვიქნები მე სასახლეში, თუ სასახლის გარეთ. აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები.
ეს შენობა არავისი არ არის, ეს შენობა იყო სიმბოლო, ვიდრე აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა. ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა. ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად. მინდა, რომ ახლა, თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ, სადაც ხალხის ნდობა არ არის, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. ამიტომ, გამოვალ თქვენთან და თქვენთან ერთად ვიქნები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, „პაროდიაა ის, რაც ამ წუთებში პარლამენტში ხდება“.
„დღემდე, აი, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული. ეს არ იყო ულტიმატუმი, მაგრამ დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ მოსულიყვნენ აქ ან „ოცნების“ წარმომადგენლები, ან თავად ბიძინა ივანიშვილი იმისთვის, რომ მოგვეძებნა ამ ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი, ანუ შეთანხმება ახალ, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი მოწოდება. ეს იყო ჩემი შეთავაზება, რადგან ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ და როცა ქვეყანა გინდა. აქ არავინ მოსულა, თქვენც ხედავთ, არავინ მოსულა და პასუხი ამ შეთავაზებაზე რა იყო – პასუხი იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაც უშედეგო არის. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, ამასაც არასოდეს არანაირი შედეგი არ ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა. პასუხი იყო რეალურად ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ და პასუხი არის დღეს ის პაროდია, რომელიც ახლა, ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს არ ეკადრება ასეთი პაროდიები. იმიტომ, რომ იქ არის პაროდია, ამიტომ არის ეს განსხვავებული ორი სურათი. იქ არიან ჩაკეტილი, შეშინებული, გაყიდული, არალეგიტიმური, არაღიარებული არავისგან, სანქცირებული და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი, ძალიან მშვიდი და ჩვენთან არის სიმართლე. ჩვენთან არის სიყვარული, ჩვენთან არის ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის, რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს – ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებ. რატომ დღეს. დღემდე, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული. ეს არ იყო ულტიმატუმი, მაგრამ დრო იყო მიცემული, რომ მოსულიყვნენ აქ, ან „ოცნების“ წარმომადგენლები, ან თვით ბიძინა ივანიშვილი, რომ მოგვეძებნა ამ ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი, ანუ შეთანხმება ახალ, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი მოწოდება, ეს იყო ჩემი შეთავაზება, რადგან ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ და როცა ქვეყანა გინდა. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, ამასაც არასდროს არანაირი შედეგი არ ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა. პასუხი იყო რეალურად ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ და პასუხი არის დღეს ის პაროდია, რომელიც ახლა, ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს არ ეკადრება ასეთი პაროდიები, რადგან იქ არის პაროდია, ამიტომ არის ეს განსხვავებული ორი სურათი. იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული არავისგან, სანქცირებულნი და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალნი, ლაღი, ძალიან მშვიდნი და ჩვენთან არის სიმართლე, რადგან ჩვენთან არის სიყვარული, ჩვენთან არის ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის, რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს – ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ახლა რა დგას ჩვენს წინაშე“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილება დღეს ამოეწურა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მმართველ პარტიაში არის კრიზისი.
„ქვეყანა შეიყვანეს ტოტალურ კრიზისში. დაიწყო ეს არჩევნების ტოტალური გაყალბებით, რამაც გამოიწვია ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს სახეზე. ის, რომ არალეგიტიმურმა პრემიერმა, არაკონსტიტუციურმა, კონსტიტუციის დარღვევით შექმნილმა პარლამენტმა და მის მიერ არჩეულმა პრემიერმა, დე ფაქტო პრემიერმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ ისტორიაში, მგონი, არავის მიუღია, რომ მანდატის გარეშე ქვეყნის ნების, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა დაებრუნებინა იმ ქვეყნის ორბიტაში, რომელსაც გავექეცით, რომლისგანაც გავთავისუფლდით და რომლის მიმართ ბრძოლა, იყო ქართული ისტორიული ბრძოლა. ამის უფლება არავის აქვს, არასდროს არავის ჰქონდა და მით უმეტეს არალეგიტიმურ მთავრობას, პრემიერს და მმართველ პარტიას. ამის უფლება არ მიეცით თქვენ და დგახართ 31 დღეა ამის საჩვენებლად, რომ ამას არ შეეგუებით, არ შევეგუებით. არ მივცემთ ამის უფლებას. კრიზისი ამით არის ტოტალური, ამას მოჰყვა რღვევა და დაშლა თვით ამ მმართველ პარტიაში. რასაც ვხედავთ და უკვე ვგრძნობთ, რომ შიგნით შეიქმნა უნდობლობა, მთავრობაში, ძალოვნებში და ეს მოვისმინეთ გუშინ, თუ რა ხდება შიგნით, რომ არ შეიძლება, რომ ჩვენი პოლიცია, რომელმაც ბევრი რამ გაიარა და ბევრი მოითმინა ალბათ, მაგრამ დღეს რამდენად ითმენს და მოითმენს, რომ კრიმინალური ვერტიკალი მართავდეს მას, ალბათ დიდხანს არა. ეს რღვევა ყველაფერს ეხება, მთლიანად საზოგადოებას და ის, რაც გამოჩნდა ასევე არის, რომ დღეს ბიზნესიც გრძნობს, რომ ქვეყანა ისეთი მიმართულებით მიდის, რომ თუნდაც ის ნაწილი ბიზნესის, რომელიც იყო აქამდე ლოიალური ხელისუფლების, როგორც ყოველთვის ხდება ასეთ ქვეყანაში, დღეს გრძნობს, რომ მისი მომავალიც ვერ იქნება ამ მმართველი პარტიის გვერდში. იქ აღარავინ არ დარჩა. რამდენი არიან იქ, შიგნით, 100-მდე?! 150-ი?! არ დავითვალოთ, ჩვენ არ გვჭირდება დათვლა, ჩვენ არ ვითვლით იმიტომ, რომ ვართ ბევრნი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.