სალომე ზურაბიშვილი - გამაჯანსაღებელი კურორტების თვალსაზრისით, საქართველოს შეუძლია, გახდეს ევროპისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა
სალომე ზურაბიშვილი - გამაჯანსაღებელი კურორტების თვალსაზრისით, საქართველოს შეუძლია, გახდეს ევროპისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა

ქვეყანაში სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უჯარმისა და ახტალის კურორტებს ესტუმრა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მდიდარია ასეთი კურორტებით და მხოლოდ გურჯაანის რაიონში 44 სხვადასხვა სამკურნალო წყალია, რაც ადასტურებს საქართველოსათვის თერმულ წყლებთან დაკავშირებული საკურორტო ზონების განვითარების მნიშვნელობას იმისთვის, რომ მათგან ეკონომიკური სარგებელი მივიღოთ.

„გამაჯანსაღებელი კურორტების თვალსაზრისით, საქართველოს შეუძლია, გახდეს ევროპისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა, სადაც შეიძლება ჩამოხვიდე არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ გასაჯანსაღებლად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო უკვე ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციაშია გაერთიანებული და არსებობს შესაბამისი ტურისტული გზებიც.

„ეს ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული რესურსია, რომელიც უნდა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ავითვისოთ. ამაზე უნდა ვზრუნავდეთ ყველა ჩვენ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც კურორტის მენეჯერმა განაცხადა, უჯარმის კურორტი ცნობილია უნიკალური თერმული წყლებით, რომელიც შეიცავს იოდს, ბრომს და ნავთობპროდუქტებს, წყლის ფორმულა ხუთ წელიწადში ერთხელ მოწმდება.

რაც შეეხება ახტალას, კურორტის წარმომადგენლების განცხადებით, იგი საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს.

საკურორტო სეზონი მაისში გაიხსნა და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.