სალომე ზურაბიშვილი - ფრანკფურტის ბაზრობის მთავარი მასპინძელი საქართველოა, რაც ძალიან დიდი საშუალებაა, რომ ჩვენი კულტურა საზღვრებს გარეთ გავიტანოთ
სალომე ზურაბიშვილი - ფრანკფურტის ბაზრობის მთავარი მასპინძელი საქართველოა, რაც ძალიან დიდი საშუალებაა, რომ ჩვენი კულტურა საზღვრებს გარეთ გავიტანოთ

რამდენიმე დღეში, იხსნება ფრანკფურტის ბაზრობა, სადაც საქართველო იქნება მთავარი მასპინძელი და ეს არის ძალიან დიდი საშუალება, რომ ჩვენი კულტურა გავიტანოთ საზღვრებს გარეთ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში, ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს კულტურის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი არსებობს.

„რამდენიმე დღეში იხსნება ფრანკფურტის ბაზარი, სადაც საქართველო იქნება მთავარი მასპინძელი და ეს არის ძალიან დიდი საშუალება, რომ ჩვენი კულტურა გავიტანოთ საზღვრებს გარეთ. ძალიან დიდი ინტერესია საქართველოს კულტურის მიმართ. ახლახან იუნესკომ ცნო ჩვენი სამი სახეობის ანბანი, როგორც ერთ-ერთი მსოფლიო მემკვიდრეობა. უნდა გვჯეროდეს ჩვენი თავის.

ჩვენ მძიმე პერიოდი გავიარეთ, 70 წელი საბჭოთა კავშირის და გავიარეთ ის, რაც მოგვიწყო ჩვენმა მეზობელმა რუსეთმა – კონფლიქტები, ომი, ოკუპაცია. ამ ყველაფერს გავუძელით, როგორც გაუძლო წინა საუკუნეების მანძილზე ჩვენმა საქართველომ და მისმა მეფეებმა, ჩვენ კიდევ გავძლებთ და ვიქნებით ძალიან წარმატებული ქვეყანა. ვართ უკვე წარმატებულები, ეს პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიჯეროთ, ამიტომ ერთად უნდა გავაძლიეროთ და ავაშენოთ ეს ქვეყანა. ერთად საქართველოსთვის”, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა თელავში ამომრჩეველს.