სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს - განგრძობითი კრიზისი მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც შესაძლოა, უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყოს, მიუხედავად საზოგადოების მშვიდობიანი განწყობისა
სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს - განგრძობითი კრიზისი მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც შესაძლოა, უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყოს, მიუხედავად საზოგადოების მშვიდობიანი განწყობისა

ოთხთვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე საქართველო ღრმა კრიზისშია. მმართველი ძალა არ აწარმოებს დიალოგს ოპოზიციასთან, რათა იპოვოს კრიზისიდან გამოსავალი. ამგვარი განგრძობითი კრიზისი კი მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც შესაძლოა, უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყოს, მიუხედავად საზოგადოების მშვიდობიანი განწყობისა, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპელი ლიდერებისადმი წერილში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც წერილშია აღნიშნული, არსებული ჩიხიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ახალი არჩევნებია.

„ამ გამოსავლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული (და, საბოლოოდ, ამერიკული) მაღალი დონის მედიაციის გზით. მოგიწოდებთ, სათანადო ყურადღება მიაქციოთ ამ გამოწვევას და განიხილოთ ჩართულობის ყველა გზა ოპოზიციასთან და მმართველ ძალასთან, რათა შედგეს მაღალი დონის განხილვა საქართველოში ახალი არჩევნების ჩასატარებლად. ამავდროულად, გვჭირდება თქვენი პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე მეტად მოწყვლადი სეგმენტებისათვის: სინდისის პატიმრები, რეგიონული და ცენტრალური მედია. როცა ამერიკა გადის, ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე არა მხოლოდ თავდაცვის საკითხები, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ინიციატივას „ევროპის ხმა“, რომ ევროპამ გადაიბაროს თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერისთვის საინფორმაციო ბრძოლა.

მოგიწოდებთ, საქართველოს საკითხი შეიტანოთ ევროპული საბჭოს მომდევნო სესიის დღის წესრიგში. მომდევნო სესიამდე კი, მზად ვარ, წარვდგე, პროევროპულ პარტიებთან ერთად, ევროპული პარლამენტის წინაშე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად“, – ნათქვამია წერილში.