სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირს ჯერ კიდევ შეუძლია, საქართველო რუსული აგრესიისგან იხსნას
სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირს ჯერ კიდევ შეუძლია, საქართველო რუსული აგრესიისგან იხსნას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპამ თავისი წარუმატებლობისგან უნდა ისწავლოს, რათა უკრაინა წევრობის გზაზე დააყენოს, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსის“ სტატიაშია ნათქვამი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მისაღებად უნდა დააჩქაროს ნაბიჯები, რათა საქართველო რუსეთისგან დაიცვას და აღნიშნა, რომ ბრიუსელმა უკრაინასთან დაკავშირებით დააგვიანა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ევროკავშირისთვის შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა, მიიღოს თავის მეზობელი ქვეყნები, რომლებიც მის ნაწილად გახდომისაკენ მიისწრაფვიან.

„ჩვენ არ გვჭირდება, რუსეთს ის აზრი გაუჩნდეს, რომ არსებობს ადგილები, რომლებსაც არავინ იცავს“, – განუცხადა ზურაბიშვილმა Financial Times-ს.

მისი თქმით, „[ევროკავშირმა] უნდა იპოვოს გზა, უპასუხოს ჩვენს ხანგრძლივ მოლოდინს და მოგვცეს ნიშანი, ჩვენ ამ ოჯახის ნაწილი ვართ“.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, რომლებიც ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის წევრები არიან, აქვთ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებები, განაცხადეს თავისი სურვილის შესახებ, გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

ორშაბათს უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა, კიევის ნაბიჯს ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დამსახურებული“ უწოდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ წინა კვირას, ომის გამოცხადებისას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალა საჭირო იყო უკრაინაში „დასავლეთის ტყუილების იმპერიის“ გაფართოების თავიდან ასაცილებლად.

„ყოველგვარი დაცვისა და სოლიდარობის გარეშე ამ ქვეყნების გარეთ დატოვებამ, რა თქმა უნდა, წაახალისა რუსეთი, იფიქროს, რომ ამ ქვეყნების დაბრუნების შანსი სამუდამოდ არ არის დაკარგული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინაში საქართველოსთან ხანმოკლე ომიდან 14 წლის შემდეგ შეიჭრა. მოსკოვის მომხრე სეპარატისტებმა რუსი სამხედროების მხარდაჭერით საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი დაიკავეს.

„უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის“, – თქვა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებაზე კიევის ხანგრძლივმა მოლოდინმა ნაწილობრივ ხელი შეუწყო პუტინის თავდასხმას.

მისი თქმით, „ერთგვარად, უკრაინის ვითარება შეიქმნა იმიტომ, რომ ეს პერსპექტივა ძალიან შორს იყო და მისი წევრობის მატერიალიზაცია არ ხდებოდა“.

სტატიის ავტორის თქმით, ევროკავშირს პოტენციური მომავალი წევრებისთვის მკაცრი კრიტერიუმები და გარკვეული სტანდარტები აქვს, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს, სანამ განაცხადი რამდენიმე ათეულ ეტაპს გაივლის.

„საქართველოს ჯერ არ აქვს განაცხადი ოფიციალურად წარდგენილი (ინტერვიუ გამოქვეყნდა 2 მარტს), მაშინ როცა, ევროკავშირში ბოლოს გაწევრიანებულ ქვეყანას, ხორვატიას, განცხადებიდან წევრობამდე 10 წელი დასჭირდა.

საქართველოს, როგორც ერთ დროს ენერგიული დემოკრატიისა და ძლიერი დასავლური პერსპექტივებისთვის ევროკავშირის სანიმუშო აპლიკანტი ქვეყნის კაშკაში ბოლო წლებში მცირდება კანონის უზენაესობის დარღვევის, სადაო არჩევნებისა და მისი მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციის დარბევის ბრალდებების ფონზე. საქართველომ გასულ წელს განაცხადა, რომ ევროკავშირში განაცხადისთვის მზად იქნება 2024 წელს“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორის თქმით, პუტინმა განაახლა კონფლიქტი ტირანიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის.

სალომე ზურაბიშვილმა გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ მიესალმება „ძლიერი ევროპის“ გაჩენას, რომელიც პუტინის შეჭრის შედეგად იშვა, სადაც ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები მიიღო და კიევისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდა, ხოლო გერმანიამ თავდაცვის ხარჯების გაზრდის პირობა დადო.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა, ვერც საქართველოს მიმართ 2008 წლის ომისა და ვერც უკრაინის მიმართ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, ვერ შეძლო იმავე სიმტკიცის გამოჩენა. „ამ რეაქციების ნაკლებობამ ალბათ გახადა პუტინი ისეთი როგორიც არის“, – თქვა მან.

„სულ არსებობდა ის აზრი, რომ თუ შეეცდებოდი რუსეთის ხელმძღვანელობისთვის კომფორტის შექმნას და არა მათთან დაპირისპირებას, ეცდებოდი მათთან რაღაც ფორმით საერთოს გამონახვას, ეს მათ გადმოიბირებდა, თუმცა ამას არასდროს უმუშავია!“, – განაცხადა ზურაბიშვილმა, რომლის თქმით, „ახლა ჩვენ ამას ვაცნობიერებთ“.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს სამშაბათს შეხვდა. მათი საუბრის შემდეგ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირს „კარგად ესმის, რომ კონკრეტული პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხილული და ძლიერი კავშირები ხელმისაწვდომი იყოს ქართველი ხალხისთვის“.

„ჩვენც იმდენ ხანს ველოდით რამდენსაც უკრაინა. ჩვენ ერთსა და იმავე გზაზე ვართ, ჩვენც უნდა გაგვითვალისწინონ და არ უნდა ვიყოთ დავიწყებულნი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ფაინენშალ თაიმსთან“ საუბრისას.

„ფაინენშალ თაიმსის“ სტატიის თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.