სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობაში აძლიერებს უსაფრთხოების განცდას
სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობაში აძლიერებს უსაფრთხოების განცდას

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის უნიკალური, რომლის არსებობაც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ მოსახლეობისთვის, რომელიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მისია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობაში აძლიერებს უსაფრთხოების განცდას.

„მსურს, აქაც გავუსვა ხაზი და ამაზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის იმ როლს, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასრულებს საოკუპაციო ხაზზე. ეს არის თავისი ხასიათით უნიკალური მისია, რომლის არსებობაც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ მოსახლეობისთვის, რომელიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს.

მისია აძლიერებს მათში უსაფრთხოების განცდას, ხოლო ჩვენში, ხელისუფლებაში და მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში აძლიერებს განცდას და არა მხოლოდ განცდას, რომ ევროკავშირი ფიზიკურად იმყოფება ჩვენს გვერდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, მთლიანობაში ამ ოკუპირებულ ზონებთან დაკავშირებული ზომები, ის მშვიდობიანი ძალისხმევა, რომელსაც ატარებს საქართველო, წარმატებული იქნება მხოლოდ ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის შემთხვევაში.

მარტო ჩვენი ძალისხმევა შედეგს ვერ მოიტანს. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო და ხაზი გავუსვა ამ მისიისა და მისი გაგრძელების მნიშვნელობას, რის შესახებაც გადაწყვეტილება ახლახან იქნა მიღებული ბრიუსელში.

და ბოლოს, ბატონო თავმჯდომარევ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს გუნდს ჩემი ქვეყნისა და მისი ევროპული პერსპექტივების მიმართ გამოხატული უწყვეტი მხარდაჭერისათვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.