სალომე ზურაბიშვილი - ეთნიკურმა უმცირესობებმა უნდა ისარგებლონ ყველა პროგრამით, მაგალითად, გავუშვათ ახალგაზრდები საზღვარგარეთ სასწავლებლად
სალომე ზურაბიშვილი - ეთნიკურმა უმცირესობებმა უნდა ისარგებლონ ყველა პროგრამით, მაგალითად, გავუშვათ ახალგაზრდები საზღვარგარეთ სასწავლებლად

ეთნიკურმა უმცირესობებმა უნდა ისარგებლონ ყველა პროგრამით, მაგალითად, გავუშვათ ახალგაზრდები საზღვარგარეთ სასწავლებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„როგორც იცით, შეხვედრები უკვე გავმართე სხვადასხვა უმცირესობასთან. შევხვდით ბერძნებს, ეზიდებს, სომხებს, აზერბაიჯანულ უმცირესობას და ქართველ ებრაელებს. კითხვები არის ერთი და იგივე მიმართულებით – რა შეიძლება გაკეთდეს. ეს ეხება სახელმწიფო ენას. პირადად მე ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, როგორც მომავალი პრეზიდენტი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ყველას აქვს გათვითცნობიერებული, რომ სახელმწიფო ენა არის პირდაპირი გზა წარმატებისა და ინტეგრირებისკენ.

„ასევე, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთვის. ეს, უფრო მეტად ჩვენი პასუხისმგებლობაა, ვიდრე იმ მოსახლეობის, რომელიც ცხოვრობს კომპაქტურად დასახლებულ ქალაქებსა თუ სოფლებში. ისინი უნდა იყვნენ სრულად ინტეგრირებული ყველა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურაში. მათ უნდა ისარგებლონ ყველა იმ პროგრამით, რაც ჩვენ გვაქვს, მაგალითად გავუშვათ ახალგაზრდები სასწავლებლად საზღვარგარეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს საკითხი იყო და ავიღე ჩემს თავზე ვალდებულება, რომ მომავალში ამ ჯგუფებთან მქონდეს ძალიან მჭიდრო კავშირი, რათა ვნახოთ, თუ რა ფორმით შეიძლება პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ხელი შევუწყოთ ამ პრობლემის მოგვარებას. ასევე, ძალიან საინტერესოა ეზიდების მიერ დასმული საკითხი. ეს ეხება მათი გვარების დაბრუნებას, რომლითაც აუცილებლად დავინტერესდები და ვნახავ, თუ რამდენად შეიძლება ხელი შევუწყო მათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.