სალომე ზურაბიშვილი - ემანუელ მაკრონთან ჩემი შეხვედრა იქნება მოთხოვნების შეხვედრა
სალომე ზურაბიშვილი - ემანუელ მაკრონთან ჩემი შეხვედრა იქნება მოთხოვნების შეხვედრა

ემანუელ მაკრონთან ჩემი შეხვედრა იქნება მოთხოვნების შეხვედრა. რაც მინდა ქვეყნისთვის, მაქსიმალურად უნდა ​წარვუდგინო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში განაცხადა.

„ყველაფერზე არ მივიღებ პასუხს, ეს არის ჩვენი საუბრის დასაწყისი, მაგრამ უნდა დავაყენოთ ჩვენი ურთიერთობა ამ საფეხურზე, რომ რაც შეიძლება მეტი მოვითხოვოთ იმ პარტნიორისგან, რომელიც უნდა იყოს განსაკუთრებული საქართველოსთვის. მე ​ასე​ ვთვლი. ამილახვრის დიალოგი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ამილახვრის ოჯახი არის ჩემთვის ძალიან ახლო და დიმიტრი ამილახვრის წარსული ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის, ძალიან დიდი ისტორიული როლი ითამაშა და ეს არ უნდა დაივიწყოს. ეს იქნება ჩვენთვის ინსტრუმენტი, რომ სხვადასხვა დარგში და პირველ რიგში, უსაფრთხოების თანამშრომლობის დარგში საფრანგეთთან თანამშრომლობა იყოს უფრო ღრმა და საფუძვლიანი. ეს გვაძლევს შესაძლებლობას ყველა მიმართულებით. მე, მაგალითად, ვაპირებ, კულტურის მიმართულებით დიალოგი გამოვიყენო და სხვადასხვა სამინისტრო შეხვდეს ერთმანეთს. ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია ამ ქოლგის ქვეშ და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში დღეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ.