სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს დღეს შეხვდება
სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს დღეს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება.

შეხვედრა ელისეს სასახლეში, თბილისის დროით 13:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთს 17 თებერვალს ეწვია. ვიზიტის პირველ დღეს სალომე ზურაბიშვილმა მამის ინიციატივით აშენებული ტაძარი მოინახულა და შვილებთან ერთად წირვას დაესწრო. ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ლევილში გაემგზავრა, სადაც მშობლების საფლავი ყვავილებით შეამკო და მამულში ლევილის შატო მოინახულა. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის პირველი დღე სტუდენტებთან და ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრით დაასრულა.

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის სენატის პრეზიდენტმა, ჟერარ ლარშემ უმასპინძლა.

საფრანგეთში ვიზიტის მეორე დღეს ასევე გაიმართა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ლიდერ ქალებთან.

დღის მეორე ნახევარში საქართველოს პრეზიდენტმა საჯარო ლექცია წაიკითხა პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (SciencesPo).

დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთიდან გერმანიაში გაემგზავრება, სადაც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.