სალომე ზურაბიშვილი - ელჩებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც პირადად ჩემ წინააღმდეგ არის მიმართული
სალომე ზურაბიშვილი - ელჩებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც პირადად ჩემ წინააღმდეგ არის მიმართული

ელჩებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც პირადად ჩემ წინააღმდეგ არის მიმართული და გასცდა ყველა ზღვარს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩები წინასაარჩევნო კამპანიის საკითხებით დაინტერესდნენ და კითხვებიც ამ თემას შეეხებოდა.

„ელჩებს ყველაფერი აინტერესებდათ. მივეცი სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც პირადად ჩემს წინააღმდეგ არის მიმართული და გასცდა ყველა ზომასა და ზღვარს. სხვათა შორის მათ წავუკითხე ის პოსტი, რომელიც ნიკა გვარამიამ დაწერა და, რომელიც არის პირდაპირი მუქარა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მე დამეხმარება. ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს, როგორ იქცევა ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი საარჩევნო კამპანიის დროს.

გარდა ამისა, ვრცლად ვისაუბრეთ ჩემი კამპანიის თემებზე, როგორი პრეზიდენტი ვიქნები, რა არის პრიორიტეტები. ევროპის შემოყვანა საქართველოში თავისი ყველანაირი სტანდარტით. საქართველოს ევროპაში ყოფნა და ჩემი როგორც არამხოლოდ ელჩის, არამედ ლობისტის როლი, რადგან საქართველოს სჭირდება მეტი დანახვა და აქტიურობა ევროპასა და მსოფლიოში.

ეს არის ის, რაც ელჩებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ, რადგან როგორც მათ თავად აღნიშნეს, წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ძალიან ცოტა ესმით, ეს არის კამპანია, რომელიც ვითარდება პრაქტიკულად თემების გარეშე და მეც ძალიან მიჭირს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატისა და დიპლომატების შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დახურულ კარს მიღმა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.