სალომე ზურაბიშვილი - ძალიან სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, მიიღეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ
სალომე ზურაბიშვილი - ძალიან სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, მიიღეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ

ძალიან სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ კი ამის იმედი გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით, მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი პერსპექტივა და 12-პუნქტიანი რეკომენდაციები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხომ არ შეცვალა ამ გადაწყვეტილებამ ასოცირებული ტრიოს ფორმატი და დღის წესრიგი. ამასთან, რა უნდა გააკეთონ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა ერთმანეთის მხარდასაჭერად საბოლოოდ ევროკავშირის წევრობისთვის?“.

„ძალიან სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ კი ამის იმედი გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ. ეს არ არის სილამაზის შეჯიბრი. შეჯიბრი თუ არსებობს, არსებობს საკუთარ თავთან, ანუ ჩვენ, ქვეყანამ უნდა შეასრულოს ის რეფორმები და რეკომენდაციები, რაც ჩვენ გვეხება. ჩვენს შემთხვევაშია 12 რეკომენდაცია. აღნიშნული გამოწვევაა მთლიანად ქვეყნისთვის, რა სისწრაფით და რა ეროვნული თანხმობით შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს და არა ცალ-ცალკე, ერთი-მეორის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი გამოწვევა და ამ გზაზე, რამდენად შევძლებთ რეფორმების შესრულებას, ამით იქნება განსაზღვრული ჩვენი ევროპული მომავალი. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ საკუთარ თავთან გვაქვს გამოწვევა და არაფერს გვაძლევს შედარებები, იმის გარდა, რომ ჩვენ ვართ ერთმანეთის სოლიდარული და უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მკაფიოდ, ვინაიდან სოლიდარობა არის ნამდვილი ჩვენი პასუხი რუსეთისა და მისი ქმედებების მიმართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.