სალომე ზურაბიშვილი - დიდი პოტენციალი გვაქვს, ვიყოთ ძლიერი და განვითარებული ქვეყნები, კავკასიას კი, დავუბრუნოთ ისტორიული დანიშნულება
სალომე ზურაბიშვილი - დიდი პოტენციალი გვაქვს, ვიყოთ ძლიერი და განვითარებული ქვეყნები, კავკასიას კი, დავუბრუნოთ ისტორიული დანიშნულება

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქსიანის სახელით, ერევანში ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და აღნიშნეს, რომ სტუმართმოყვარეობასა და მეგობრობას ორივე ქვეყნის ხალხები განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ეპყრობიან, რაც საერთო ღირებულებებზე მიანიშნებს.

„ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორია, პირველ რიგში, მითოლოგიამ შემოგვინახა – ქართლოსისა და ჰაოსის ამბით, და ეს ნიშანდობლივია. ქრისტიანული აღმსარებლობის მიმდევრებიც თითქმის ერთ პერიოდში გავხდით. ასევე, ერთდროულად – 1918 წელს – გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა; პრაქტიკულად, ერთდროულად დავკარგეთ და შემდეგ, პრაქტიკულად, ერთდროულად აღვადგინეთ იგი. ქართველებსა და სომხებს ის ღირებულებები გვაერთიანებს, რაზეც ისტორიულად იდგა კავკასია. კულტურა კი არის ის სფერო, სადაც ჩვენი სიახლოვე განსაკუთრებით კარგად ჩანს. საიათნოვას, არამ ხაჩატურიანის, ფარაჯანოვის, შარლ აზნავურის, გივი შაჰნაზარისა და კიდევ არაერთი დიდი ადამიანის სახელით, ვამაყობთ ქართველებიც და სომხებიც.

მინდა, მოგახსენოთ, რომ წელს საქართველოში სომეხი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის – ჰოვანეს თუმანიანისა და სომეხი კომპოზიტორის – კომიტასის 150 წლის იუბილე აღინიშნება. თუმანიანის შემოქმედების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შემოდგომაზე  დიდ საიუბილეო საღამოს გავმართავთ.

ვფიქრობ, კულტურული ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების გარდა, გვჭირდება ზოგადად, თანამშრომლობის სპექტრის გაფართოება.

ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს საიმისოდ, რომ ვიყოთ ძლიერი, განვითარებული ქვეყნები და კავკასიას დავუბრუნოთ ის დანიშნულება, რომელიც მას ისტორიულად ჰქონდა.

ერთმანეთის მხარდაჭერა ამ გზაზე დიდ წარმატებებს მოგვიტანს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ ვახშამზე.

სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქსიანის განცხადებით, სომეხ და ქართველ ხალხში ცოცხლობს გენეტიკური მეხსიერება მეგობრობის შესახებ და დღეს ეს მეგობრობა არა ლეგენდა და მითი, არამედ რეალობაა, რომელიც რეგიონულ პარტნიორობაშია გამოხატული.

დატოვე კომენტარი