სალომე ზურაბიშვილი - დიასპორისთვის საჭიროა საელჩო, რომელიც ჰგავს საელჩოს, პარიზში უკვე მიმდინარეობს საელჩოსთვის ახალი შენობის ძებნა
სალომე ზურაბიშვილი - დიასპორისთვის საჭიროა საელჩო, რომელიც ჰგავს საელჩოს, პარიზში უკვე მიმდინარეობს საელჩოსთვის ახალი შენობის ძებნა

დიასპორისთვის საჭიროა საელჩო, რომელიც ჰგავს საელჩოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარიზში უკვე მიმდინარეობს საელჩოსთვის ახალი შენობის ძებნა და საელჩოებისთვის უკეთესი შენობების შეძენა უნდა გაგრძელდეს.

„დიასპორისთვის საჭიროა საელჩო, რომელიც ჰგავს საელჩოს და ამას ვამბობ პარიზში, სადაც ვიცი, რომ ძალიან სერიოზული პრობლემაა და საელჩო არის არა იმ ფორმის, არა ამ სათანადო შემადგენელი ნაწილების, რომელიც სჭირდება საელჩოს, რომ თავისი როლი და ფუნქცია შეასრულოს. ვიცი, რომ ახლა მიმდინარეობს ახალი საელჩოს ძებნა. ახლა ვყიდულობთ ლონდონში, უკვე ვიყიდეთ ბრიუსელში და ეს უნდა გაგრძელდეს, გავრცელდეს ყველგან, რადგან დიასპორას სჭირდება თავისი კერა. ვიცი, რომ ეკლესიები ამ როლს უკვე ასრულებენ და ეს არის ჩვენი ძველი ტრადიცია. დაწყებული საფრანგეთიდან, ყველგან და ყოველთვის ეკლესია ამ როლს ასრულებდა და ძალიან მისასალმებელი და აუცილებელიც არის, მაგრამ არ შეიძლება სახელმწიფოსაც არ ჰქონდეს თავისი კერა, სადაც შეიძლება გაიმართოს გამოფენა, პატარა კონცერტი და ხალხს ჰქონდეს საშუალება, შეიკრიბონ. ეს არის ასევე ერთ-ერთი კავშირი, რაც შეიძლება დიასპორას ჰქონდეს ქვეყანასთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.