სალომე ზურაბიშვილი - დღეს ქართველი ხალხი გაერთიანებულია ერთი საერთო მიზნის, საქართველოს ევროპული მომავალის გარშემო, ეს კი დეპოლარიზაციისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ქართველი ხალხი გაერთიანებულია ერთი საერთო მიზნის, საქართველოს ევროპული მომავალის გარშემო, ეს კი დეპოლარიზაციისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტისას ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას როგორც რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გადამწყვეტი ეტაპიდან გამომდინარე.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ლიეტუვის მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული გზის მიმართ.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსულ აგრესიაზე. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული აგრესია და ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს უნდა იყოს როგორც პოლიტიკური, ასევე დამსახურებაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქართველი ხალხი გაერთიანებულია ერთი საერთო მიზნის გარშემო, რაც არის საქართველოს ევროპული მომავალი, ეს კი დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ საჭიროა ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველო უმაღლესი დონით იყოს წარმოდგენილი. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველო ალიანსის საიმედო პარტნიორია.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.