სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა ერთად დგას, ყველამ აღიარა, რომ ხალხის ნება და ხალხის ხმა გაიგეს, ეს არის მთავარი
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა ერთად დგას, ყველამ აღიარა, რომ ხალხის ნება და ხალხის ხმა გაიგეს, ეს არის მთავარი

დღეს არის დიდი ზეიმი, ყველამ აღიარა, რომ ხალხის ნება და ხალხის ხმა გაიგეს, ეს არის მთავარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

„გილოცავთ. დღეს მოვედი, რადგან მიხარია როგორც თითოეულ ქართველს, რომ ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯით ახლოს ვართ ევროპასთან. აქ მოსვლით მინდა, ვუთხრა საქართველოს, რომ არის ერთი საკითხი, რომელზედაც ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ, ეს არის ჩვენი ევროპული მომავალი. ეს ვალდებულება ჩვენ გვაქვს აღებული ჩვენი ბავშვებისა და მომავალი თაობის წინაშე. ყველამ აღიარა, რომ ხალხის ნება და ხალხის ხმა გაიგეს, მოისმინეს და ეს არის მთავარი. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ, რომელსაც მე ვულოცავ სრულიად საქართველოს, აქ მდგომ ადამიანებს, ვინც არ უნდა იყვნენ, რა მხარესაც არ უნდა იდგნენ სხვა პოლიტიკურ საკითხებზე, ვულოცავ რეგიონებში მყოფ ადამიანებს, ვულოცავ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ასევე უხარიათ დღევანდელი დღე. ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა ერთად დგას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ორბელიანების სასახლეში გამართულ თქვენს ღონისძიებაზე არ მოვიდნენ, ბევრი იფიქრეთ თქვენ თავისუფლების მოედანზე მოსვლაზე, თუ ძალიან მარტივად მიიღეთ გადაწყვეტილება?“

„რა მნიშვნელობა აქვს. არ მიფიქრია. მე აქ უნდა ვიყო. არასოდეს შეიძლება, შენ იყო თვითდაჯერებული, ვიდრე გადაწყვეტილება შენ არ გეკუთვნის და არის სხვის ხელში. იყო 27 ქვეყნის ხელში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს ყველას გამარჯვებაა. ჯერ ვიზეიმოთ და მერე ვიფიქროთ იმაზე, რაც გველოდება. ახლა საარჩევნო და არასაარჩევნო პოლიტიკურ გეგმებზე აქ არაფერს ვიტყვი. ახლა გვაქვს ძალიან დიდი საშუალება, ერთად ვიზეიმოთ ის, რაც არის საქართველოსთვის არანაკლები მისწრება, როგორც გუშინდელი გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვიყავით და ვართ ღირსი გუშინდელი გადაწყვეტილების. მთელი საქართველო უყურებს, როგორ ერთად ვზეიმობთ, ეს უნდა დარჩეს ამ დღის გზავნილად და სხვა არაფერი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის როლი ევროინტეგრაციის გზაზე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა – „მნიშვნელოვანი“.