სალომე ზურაბიშვილი დღეს ანგელა მერკელს შეხვდება
სალომე ზურაბიშვილი დღეს ანგელა მერკელს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია აუდიენცია გერმანიის პრეზიდენტთან და შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელთან გამართავს შეხვედრას, ხოლო შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის მიზანი ევროკავშირსა და ნატო-სთან ურთიერთობების გაღრმავებაა.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობდა. ელისეს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაარსების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას. შეხვედრის შემდეგ კი, მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი საქართველოს პრეზიდენტმა 18 თებერვალს დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის სენატის პრეზიდენტმა, ჟერარ ლარშემ უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტი ასევე ლიდერ ქალებს შეხვდა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (SciencesPo) საჯარო ლექციაც წაიკითხა. 

ამასთან, სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმაც უმასპინძლა.