სალომე ზურაბიშვილი - დეკანოზ მამალაძის საკითხზე გადაწყვეტილებას ყველა გარემოებიდან გამომდინარე მივიღებ
სალომე ზურაბიშვილი - დეკანოზ მამალაძის საკითხზე გადაწყვეტილებას ყველა გარემოებიდან გამომდინარე მივიღებ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საპატრიარქოს შუამდგომლობას ისე გაითვალისწინებს, როგორც სხვა შუამდგომლობების შემთხვევაში ხდება. გადაწყვეტილებას კი, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საქარველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე საუბრისას გადაცემის წამყვანმა, გიორგი გვიმრაძემ პრეზიდენტს ჰკითხა, რამდენად გაითვალისწინებს საპატრიარქოს მიმართვას დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

„მე როგორც ვერ მოგცემთ არგუმენტებს, რაზედაც დავაფუძნებ შემდეგ გადაწყვეტილებებს, ასევე წინასწარ არასწორი იქნება, რომელიმე საქმეზე გითხრათ კი ან არა. გავითვალისწინებ ამ შუამდგომლობას, როგორც ვითვალისწინებ სხვადასხვა კუთხიდან მოსულ შუამდგომლობებს. ეს არის ერთ-ერთი გარემოება, არა ერთადერთი, ამიტომ გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებ, იქნება მიღებული ყველა გარემოებიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.