სალომე ზურაბიშვილი დავით ბაქრაძესა და გრიგოლ ვაშაძეს - რით განსხვავდებით ერთმანეთისგან, ორი ძალა ხართ თუ ერთი
სალომე ზურაბიშვილი დავით ბაქრაძესა და გრიგოლ ვაშაძეს - რით განსხვავდებით ერთმანეთისგან, ორი ძალა ხართ თუ ერთი

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თავიანთ პარტიებს შორის ბრიუსელში გაფორმებული მემორანდუმის მიზეზით, ერთმანეთისგან განსხვავებებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

განსხვავებაზე კითხვა ვაშაძესა და ბაქრაძეს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დებატები 2018“ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დაუსვა – „მე მაინტერესებს, თქვენ რა განგასხვავებთ, ორი ძალა ხართ თუ ერთი? როცა, გამოვაცხადე, რომ ერთი ძალის ორი სახე უნდა მოსულიყო, მობრძანდით, გამოვარდით ორივე. რა განსხვავებები არსებობს თქვენს შორის“.

დავით ბაქრაძემ პასუხისას პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილი კითხვის ფორმის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერასდროს იქნება პრეზიდენტი, რომელიც ოპონენტებთან საერთო ენას გამოძებნის.

„პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ კორექტული ფორმით ვესაუბროთ კონკურენტები ერთმანეთს. „გავარდით და გამოვარდით“ ეს არ არის ტერმინოლოგია, რომელიც საპრეზიდენტო დებატებზე გამოიყენება. ქალბატონო სალომე, პატივი ვცეთ აუდიტორიას. მესმის, თქვენ ვერ იქნებით ყველას პრეზიდენტი, მესმის, ვერასდროს იქნებით პრეზიდენტი, რომელიც თქვენს ოპონენტებთან საერთო ენის გამონახვას შეძლებთ, მაგრამ პატივი ეცით აუდიტორიას, რადგან საზოგადოება გვისმენს“, – მიმართა ბაქრაძემ სალომე ზურაბიშვილს.

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის განსხვავებას, ბაქრაძის თქმით, ძალიან ბევრი განსხვავებაა თუმცა, ამ განსხვავებებზე არჩევანსა და შეფასებას ამომრჩეველი 28 ოქტომბერს გააკეთებს.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ განსხვავებებზე გაამახვილა ყურადღება.

„გეტყვით იმას, პირველ რიგში თქვენგან რა განგვასხვავებს. თქვენგან განგვასხვავებს ის, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში გვინდა ცვლილება, ქვეყანაში ვხედავთ ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც ამბობთ, რომ საქართველო არც ისე ცუდად ცხოვრობს, თქვენი ლიდერისგან განსხვავებით, რომელიც საუბრობს, რომ საქართველო აღმშენებლობისა და განვითარების გზაზეა. ჩვენ ვხედავთ საქართველოში იმ პრობლემებს, ჭაობს, უძრაობას, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. ვხედავთ იმ უპერსპექტივობის განცდას, რომელსაც ადამიანები მიჰყავს უცხოეთში და ვერანაირი დიასპორის სახლით ადამიანებს აქ ვერ ჩამოიყვანთ, სანამ საქართველოში არ იქნება ხვალინდელი დღისა და პერსპექტივის განცდა. აი, ეს განგვასხვავებს ჩვენ თქვენი პოლიტიკური ძალისგან, რომ ვიხედებით წინ, არ ვანგრევთ წარსულს და ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ევროპული საქართველოს“ განსხვავებას, პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ამის განსჯა მაყურებელს თავადაც შეუძლია.

„დანარჩენი, რაც შეეხება კონკრეტულ განსხვავებებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მე პატივს ვცემ დოკუმენტს, რომელიც არის გაფორმებული ჩვენს შორის და არ მინდა, ვისაუბრო შიდა განსხვავებებზე. თუმცა ალბათ, მაყურებელს შეუძლია თავადაც განსაჯოს განსხვავებების შესახებ იმ განცხადებებიდან, რომელიც კეთდება კანდიდატების მხრიდან“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

კითხვის ფორმა სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემაც დაუწუნა.

„როდესაც ვიღაცას ელაპარაკებით ქალბატონო, თქვენთან არ ვიცი როგორ არის, ჩვენთან საქართველოში ასეთი ფორმით მიმართვა არც ოპონენტებისთვის შეიძლება და არც უბრალოდ ნაცნობისა თუ  უცნობებისთვის“, – მიმართა ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს.

რაც შეეხება განსხვავებას „ევროპულ საქართველოსთან“ ვაშაძის თქმით, არავითარი იდეოლოგიური, ორგანიზაციული და სხვა კავშირი „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არ არსებობს.

„ერთადერთი, რაც ჩვენ გვაერთიანებს ეს არის დამკვირვებლის სტატუსი „ევროპის სახალხო პარტიაში“ და ის, რასაც ჰქვია პროდასავლურობა, ამაზე ვერავინ იკამათებს. დანარჩენში, ყველაფერში აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ტურის დასრულებამდე, მგონიმ მეორე ტურშიც, ის მემორანდუმი მოქმედებს, მე დავით ბაქრაძესთან ერთად თავს შევიკავებ ამის დაკონკრეტებისგან, თუმცა დავეთანხმები, რომ ქართველ ამომრჩეველს თავად შეუძლია განსაჯოს ერთმანეთისგან რითი განვსხვავდებით“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ბაქრაძის მსგავსად, მანაც „ქართულ ოცნებასთან“ განსხვავებაზე ისაუბრა.

„ახლა გეტყვით, რით განსხვავდება გაერთიანებული ოპოზიცია ფარცხალაძეებისგან, სუბელიანებისგან, ჩუბინიძეებისგან, ჩხარტიშვილებისგან, ივანიშვილებისგან და მსგავსი კრიმინალებისგან, რომლებმაც დაგვანახეს, რომ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მივმართვ ჩვენს მოქალაქეებს, არის შეთქმულება, როდესაც ხელისუფლების შტოები არის გადაქცეული მაფიოზური კლანის განშტოებად, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემას მართავს ბანდიტი სუბელიანი თავისი შეიარაღებული დაჯგუფებით, პროკურატურას – ფარცხალაძე თავისი შეირაღებული დაჯგუფებით, ბიზნეს და სიგარეტის ბაზარს ისე ინაწილებენ, როგორც კანონიერი ქურდები ან მაფია ინაწილებდნენ 70-იანი წლების იტალიაში. აი, ეს განგვასხვავებს ჩვენ ქურდული ოცნებისგან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პირველი არხის ეთერში დებატები პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ დავით ბაქრაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართა.