სალომე ზურაბიშვილი - დარწმუნებული ვარ, ბოლო 15-16 წლის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად გამიცნო და იცის, რა უნდა იფიქროს 
სალომე ზურაბიშვილი - დარწმუნებული ვარ, ბოლო 15-16 წლის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად გამიცნო და იცის, რა უნდა იფიქროს 

პრაქტიკულად, ყველა მხრიდან შეტევებია, თითქოს არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი, ვყოფილვარ კათოლიკე და მომხრე ერთსქესიანთა ქორწინების, საიდან მოიტანეს არ ვიცი, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ურეკში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს ბრალდებები მისთვის შეურაცხმყოფელია.

„პრაქტიკულად, ყველა მხრიდან შეტევებია. ბოლო ცრუ ბრალდება იყო, თითქოს არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი, ვყოფილვარ კათოლიკე და მომხრე ერთსქესიანთა ქორწინების. საიდან მოიტანეს არ ვიცი, მაგრამ მაინც შეურაცხმყოფელი ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უცხოეთში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას და მართლმადიდებლურ ეკლესიას იცავდა. საქართველოს ისტორიაში ეკლესია, დამოუკიდებლობა და სახელმწიფო განუყოფელია ერთმანეთისგან. ნიკო ნიკოლაძემ საფუძველი ჩაუყარა იმ ტაძარს, რომელიც დღეს დასრულებულია ფოთში. მამაჩემმა, თავის ძმასთან ერთად დაარსა ერთადერთი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მთელ თავისუფალ სამყაროში, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგებოდა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, კარგად ორკესტრირებული კამპანია სწორედ ენას, მამულს და სარწმუნოებას უტევს.

„სამწუხაროდ, ეს დისკრედიტაცია ვრცელდება საზღვარგარეთ, ეს ძალიან შემაწუხებელია. დარწმუნებული ვარ, ბოლო 15-16 წლის მანძილზე საქართველოს საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად გამიცნო და იცის, რა უნდა იფიქროს. ექვსი წელი არის საკმაოდ გრძელი ვადა და დიდი პასუხისმგებლობა. ჩემი სურვილია, ამ ექვსი წლის ბოლოს ჩემს თავს მაინც ვუთხრა, რომ რაღაცა გავაკეთე და ჯერ მაქვს ეს ბედნიერება, რომ იქ, სადაც ვიყავი, ვიყავი არა სკამისთვის, არამედ საქმისთვის. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა გავაკეთე ის საქმე, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნდა, ეს იყო ბაზების გაყვანა. მეორე, ნაკლებად დასანახი, სამინისტროს, მის რეორგანიზაციას და უწყების შეცვლას ეხებოდა, რომ იგი გამხდარიყო უფრო თანამედროვე, ევროპული სამინისტრო. რაც შეეხება დეპუტატისა და მაჟორიტარის რანგში საქმიანობას, იქ მთავარ იყო მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა კონსტიტუციაში და შემდგომ კანონში, რადგან უცხოეთში მცხოვრებ თქვენ ახლობლებს ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესაძლებლობა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.