სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ყველა ბრძოლასა და ომში დაღუპულთა საერთო მემორიალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა
სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ყველა ბრძოლასა და ომში დაღუპულთა საერთო მემორიალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღეს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ყველა ბრძოლასა და ომში დაღუპულთა საერთო მემორიალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებლობა იუნკერთა გამარჯვებაა, რომელსაც ყოველდღიურად უნდ ვუფრთხილდებოდეთ.

„მათი ბრძოლა გრძელდება, როცა პატივს მივაგებთ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას; გრძელდება დღესაც, როცა იტაცებენ 17 წლის ახალგაზრდას, სწორედ ისეთივე ახალგაზრდას, როგორიც იყო გივი ღამბაშიძე და რომელიც ტაბახმელადან ომის დღიურებს წერდა. ესაა ჩვენი ბედი და ამ ბრძოლაში, რომელსაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და ქვეყნის სუვერენობა ჰქვია ერთიანი და გულწრფელნი უნდა ვიყოთ.

დრო მოვიდა, რომ ერთი ადგილი გამოვყოთ ამ ქალაქში, სადაც იქნება ერთი მემორიალი ყველასთვის. არა ეს დაფა, რომელიც პარლამენტის შენობაზეა და არა ეს ადგილი, (პარლამენტის შიდა ეზო), რომელიც ფართო საზოგადოებისათვის მიუწვდომელია, არამედ, სხვა ადგილი, სადაც ცხრა აპრილს და ჩვენს ყველა ომსა და ბრძოლაში დაღუპულები იქნებიან ერთად. ეს საერთო მემორიალი იქნება შემეცნებითი ადგილიც, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ სკოლებიდან მისვლა, რათა პატივი მიაგონ მათ ხსოვნას, გაიგონ რა ხდებოდა, რამდენი ბრძოლა ჩაატარა ამ ქვეყანამ, რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენმა დალია სული და რა არის ჩვენი მემკვიდრეობა, რომელსაც ყველამ პატივი უნდა ვცეთ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის ეზოში იუნკრების მემორიალთან სიტყვით გამოსვლისას.