სალომე ზურაბიშვილი ცილისმწამებლურ და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება
სალომე ზურაბიშვილი ცილისმწამებლურ და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, ათონელზე, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ცილისმწამებლურ და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო სექტორთან პირველი შეხვედრა გაიმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას გაცნობითი ფორმატი ექნება.

შეხვედრაზე ქვეყნის პირველ პირთან ერთად, აღნიშნულ თემებზე მომუშავე ორგანიზაციები საკუთარ პოზიციებსა და არსებულ გამოცდილებაზე იმსჯელებენ.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის პოზიცია განმარტა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლება უპირობოდ უნდა იყოს დაცული, თუმცა ასევე აუცილებელია თითოეული მოქალაქის ღირსებისა და პატივის დაცვა.

„საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, მის ადმინისტრაციაში შეიკრიბებიან ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ცილისწამების პრობლემატიკაზე, ასევე ცრუ ინფორმაციის, დეზინფორმაციის გავრცელების თემებთან დაკავშირებით. ეს არის პირველი შეხვედრა, სადაც გაიხსნება მსჯელობა, დაიწყება ღია დისკუსია აღნიშნულ თემებზე, მოხდება უკვე არსებული გამოცდილების გაზიარება.

სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში უპირობოდ უნდა იყოს დაცული და ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა. თუმცა ასევე აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოს თითოეული მოქალაქის ღირსება, მისი პატივი“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა იანვარში საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივით მიმართა, რომელიც ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას ეხებოდა.

პრეზიდენტის ამ მიმართვას სამოქალაქო სექტორსა და ოპოზიციაში უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი ხელისუფლებას ადამიანის გამოხატვის თავისუფლების, შეზღუდვის მცდელობაში სდებენ ბრალს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.