სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი საზოგადოება, ქვეყანა არის დაავადებული, უნდა მოვნახოთ უნარი, რომ გამოვჯანმრთელდეთ
ჩვენი საზოგადოება არის დაავადებული, ქვეყანა არის დაავადებული და უნდა მოვნახოთ ჩვენში იმისი უნარი, რომ გამოვჯანმრთელდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ეროვნული თანხმობის პროცესზე საუბრისას აღნიშნა.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რეალურად, გადასაფასებელია არა დამოუკიდებლობის 30 წელი, არამედ, პრაქტიკულად, ბოლო ორი საუკუნე.
„არ მგონია, შეუძლებელი იყოს გადაფასება, არსებობს რაღაც პრინციპები. სხვა მაგალითებიც შეიძლება, მოვიყვანოთ. მაგალითად, ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რაც არ უნდა ყოფილიყო – სხვადასხვა პროცესი და სხვადასხვა ჯგუფი, თუნდაც შეიარაღებული, რეპრესია გადავიდეს კოლექტიურად მოქალაქეებზე და რეგიონზე. ლაპარაკი მაქვს სამეგრელოში რეპრესიებზე. მგონია, დღეს მოვიდა ის დრო, როცა ამაზე შეგვიძლია საუბარი. მინდა, ამაზე საუბრები მოვისმინო საზოგადოებიდან. მე მგონი, ის დრო მოვიდა, რომ ამაზე შევთანხმდეთ და არ დავიწყოთ ქექვა იმაში, იქ ზუსტად რა მოხდა და ვინ იყო, ვისი ბრალი იყო და ვიღაცები არ მოიქცნენ ასე თუ ისე.
გადავიდეთ მექანიზმებზე. არსებობს მექანიზმები ამ ქვეყანაში, რომელიც დაიწყო და ხშირად ვნახავთ, რომ ეს მექანიზმები იწყება საბჭოთა პერიოდში და ჩვენდა უნებურად, გრძელდება. მაგალითად მტრის ხატი. ის, რაც მეც შემეხო, რომ ნებისმიერი ადამიანი, თუ არ ეთანხმები მას, ხარ უცებ მოღალატე. მტრის ხატია გამოყენებული, იმის მაგივრად, რომ შევეგუოთ, ეს არის განსხვავებული აზრი. რომ არა ეს შესაძლებლობა, მაშინ რეალურად საზოგადოება, როგორც საზოგადოება, არ არსებობს. ეს არის ის, რაზეც უნდა გაიხსნას დისკუსია და არა იმ წინაპირობით, რომ ყველაფერზე თუ არ შევთანხმდით, მაშინ არაფერზე არ ვთანხმდებით. ეს არის მოლაპარაკებების და არა თავისუფალი საზოგადოებრივი საუბრის პრინციპი, რომელსაც აქვს გამოჯანმრთელების უნარი თავისთავად. ჩვენი საზოგადოება არის დაავადებული; ჩვენი ქვეყანა არის დაავადებული და ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენში იმისი უნარი, რომ გამოვჯანმრთელდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.