სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს ელჩს, რა ადგილას და როდის
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს ელჩს, რა ადგილას და როდის

დღეს იტალიაში, ევროპის ისტორიულ ცენტრში, სადაც გადაწყდა ევროპის იდეა და ევროკავშირის შექმნა, საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიაში საქართველოს პირველ არხს განუცხადა კითხვაზე, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელს შეეხებოდა.

„შეიძლება მომავალ კვირას, შეიძლება ხვალვე, არ ვიცი ზუსტად როდის, წყდება ჩვენი მომავალი და ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს ელჩს, რა ადგილას და როდის. ამ ყველაფერზე უთუოდ გავაკეთებ კომენტარებს, მაგრამ ამის დრო მოვა, როცა ვიქნები თბილისში და არა მაშინ, როცა ვიმყოფები ევროპის გულში, ჩვენთვის ევროპის გზაზე გადამწყვეტ მომენტში. ეს გზა თუ გვინდა, ამ გზაზე მყარად უნდა ვიდგეთ და სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ დააკონკრეტა, რომ მთავრობამ პრეზიდენტს გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად შესთავაზა დავით ბაქრაძე, კანადაში კი, კახა იმნაძე, რაზეც პრეზიდენტმა თქვა უარი და სარჩელი შეეხება თანამდებობის ამ ორ პირს.