სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ჯარისკაცების ღირსებაზე მეტყველებს, რომ უღირსი მცდელობების მიუხედავად, ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა ვერავინ შეძლო
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ჯარისკაცების ღირსებაზე მეტყველებს, რომ უღირსი მცდელობების მიუხედავად, ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა ვერავინ შეძლო

ჩვენი ჯარისკაცების ღირსებაზე მეტყველებს, რომ სხვადასხვა უღირსი მცდელობის მიუხედავად, ვერავინ შეძლო ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და რაიმე დაპირისპირების შეტანა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა

მისი თქმით, ქართული ჯარის ერთიანობის, ნეიტრალიტეტისა და სახელმწიფოს მიმართ ერთგულების ხელყოფას ვერავინ შეძლებს, რისი გარანტიც თავად იქნება, როგორც პრეზიდენტი და მთავარსარდალი.

„ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა. ჩვენი ჯარისკაცების ღირსებაზე მეტყველებს, რომ სხვადასხვა უღირსი მცდელობის მიუხედავად, ვერავინ შეძლო ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და ჯარში რაიმე დაპირისპირების შეტანა. ქართული ჯარის ერთიანობის, ნეიტრალიტეტისა და სახელმწიფოს მიმართ ერთგულების ხელყოფას ვერავინ შეძლებს! ამის გარანტი იქნება თქვენი პრეზიდენტი და მთავარსარდალი მე, როგორც თავდაცვის ძალების მომავალი უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ვიქნები საქართველოს თავდაცვის ძალების ინტერესების გამტარებელი დამცველი და ყველაფერს გავაკეთებ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართულ ჯარს და ჩვენს ჯარისკაცებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ქართველი სამხედროები იცავენ საქართველოს სახელსა და ღირსებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – საერთაშორისო მისიებში. მისი თქმით, ქართველ ჯარისკაცებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, გლობალური მშვიდობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში.

„გასული ასწლეულის განმავლობაში, ქართულმა ჯარმა არაერთგზის გმირულად იომა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად – 1918-21 წლებში, ჩვენი საამაყო გენერლების, გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის მეთაურობით; 1921 წელს, თბილისის მისადგომებთან, იუნკერების თაოსნობით; 1990-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; 2008 წელს, რუსული ჯარის წინააღმდეგ. იუნკრების, შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის მსგავსი გმირების მხრებზე იდგა და დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა!

დღეს, ჩვენი სამხედრო ძალები იცავენ საქართველოს სახელს და ღირსებას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. ჩვენს ჯარისკაცებს შეაქვთ უმნიშვნელოვანესი წვლილი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, გლობალური მშვიდობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა – უნდა განახლდეს ქვეყნის თავდაცვის კონცეფცია; უნდა გაგრძელდეს თავდაცვის ძალების აღჭურვა თანამედროვე საბრძოლო ტექნიკითა და სამხედრო ტექნოლოგიებით; უნდა გაძლიერდეს ჯარისკაცის სტატუსი საზოგადოებაში; უნდა შეიქმნას ღირსეული პირობები ვეტერანებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც სიცოცხლეს წირავდნენ ქვეყნის დასაცავად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.