სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში, ჩვენს წინაშე არის დიდი გამოწვევები და ვერბალური ესკალაცია პრობლემებს არ წყვეტს
ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში, ჩვენს წინაშე არის დიდი გამოწვევები და ვერბალური ესკალაცია პრობლემებს არ წყვეტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ბოლო დღეების განმავლობაში „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.
„უკვე ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა ამ საკითხთან დაკავშირებით. არ ვფიქრობ , რომ უნდა გავაგრძელო დისკუსია ერთი კონკრეტული ჟურნალისტის სიტყვების ირგვლივ. მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში – და სწორედ ამაში მდგომარეობდა ჩემი მოწოდება ბათუმის ფორუმზე – არ უნდა მივმართოთ ვერბალურ ესკალაციას; საქართველოსთვის ეს საერთოდ არ არის ტიპური. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში, ჩვენს წინაშე არის დიდი გამოწვევები და ვერბალური ესკალაცია პრობლემებს არ წყვეტს. გადაწყვეტა მდგომარეობს განვითარებაში, აყვავებაში, ევროპასთან კავშირების გამყარებასა და ევროპულ გზაში. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში საქართველოს წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და გერმანული ტელეკომპანიის მაყურებელს ზაფხულის საქართველოში გატარებისკენ მოუწოდა.
„ქართველები ემოციურები არიან, მაგრამ საუკუნეების მანძილზე მათ საკმარისი გამოცდილება მიიღეს, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ რთულ მეზობლებთან და იმპერიებთან. წარსულში ჩვენ გაცილებით რთული პერიოდები გვქონდა. ახლანდელი შემთხვევა არაპროპორციულად გაიზარდა, თუმცა უკვე გაისმა დეესკალაციის მოწოდებები და ჩვენ ვმოძრაობთ დეესკელაციისკენ. გველოდება ეკონომიკურად რთული პერიოდი, რადგან მთელი ეს სიტუაცია გავლენას მოახდენს საქართველოზე. ასე რომ, მოგიწოდებთ ზაფხულის შვებულება საქართველოში გაატაროთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.