სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციაზე -  ჩვენ ვართ ისინი, ვინც ყველაზე მეტად გჭირდებათ
სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციაზე -  ჩვენ ვართ ისინი, ვინც ყველაზე მეტად გჭირდებათ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან, კერსტი კალიულაიდთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, ურსულა ფონ დერ ლეიერნთან ერთად, ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციის (LMC) ღია დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია ცნობილი ესტონელი მწერლის, რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის ლენარტ მერის სახელს ატარებს, რომელიც 1992-2001 წლებში ესტონეთის პრეზიდენტი იყო.

ღია დისკუსიას ,,ერთი წარსული – ბევრი მომავალი” მოდერაციას ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი უწევდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლენარტ მერის გახსენებით დაიწყო და აღნიშნა, რომ ევროპული და მსოფლიო პოლიტიკა ლენარტ მერის მსგავსი ადამიანების დანაკლისს განიცდის.

სალომე ზურაბიშვილმა რუსული აგრესიის, ოკუპაციის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო საკუთარ წარსულს მთლიანად ევროპულ წარსულად მიიჩნევს, თავს ძველ ქრისტიანულ ქვეყანად თვლის, ზოგჯერ უძველეს ევროპელადაც მოიხსენიებს და სწორედ, ეს განაპირობებს საქართველოს დღევანდელობასა და გარკვეულწილად, ქცევასაც. თუმცა  პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო დიდი გაურკვევლობის შუაგულშია და ამდენად, მისი მომავალი შესაძლოა, ძალიან არასახარბიელოდ გამოიყურებოდეს.

„ევროკავშირშიც გაურკვევლობაა, არ არის გარკვეული მისი მომავლის განვითარების ფორმები და ვისთან ერთად მოხდება ამ მომავლის შექმნა. გაფართოების გზით, თუ მის გარეშე,  როგორი იქნება მისი ურთიერთობა დიდ სახელმწიფოებთან. დღევანდელი გადმოსახედიდან, ევროკავშირი რუსეთისგან ძალიან იზოლირებულია, რომელიც ძალის გამოყენებით მის გაყოფას ცდილობს. ასევე, ჩინეთი ცდილობს მის გაყოფას. ხანდახან არსებობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან გაუგებრობა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამიტომ არ არის ნათელი ევროპის მომავალი.

თუ შევხედავთ საქართველოს, აქ უფრო მეტი გაურკვევლობაა: ომით, იმ ფაქტით, რომ ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციით, ჩვენი სახლების მიღმა და დედაქალაქიდან 30 კილომეტრში გავლებული საოკუპაციო ხაზით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, რუსეთი პროვოკაციებისა და აგრესიის გზას განაგრძობს.

„რუსეთს არ შეუცვლია საკუთარი დამოკიდებულება და არც მისი შეცვლის მზაობა ჩანს. პირიქით, რუსეთი განაგრძობს აგრესიისა და პროვოკაციის გზას.  პროვოკაციით და აგრესიით გადაადგილდება საოკუპაციო ხაზზე. აშენებს სამხედრო ბაზებს, მიჰყვება რუსიფიკაციის პოლიტიკას, რაც მე-19 საუკუნესა და მაშინდელ რუსიფიკაციას გვახსენებს. რუსეთის მხრიდან ასევე ხორციელდებოდა მუქარა, როცა საქართველომ თავის ტერიტორიაზე ნატო-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ჩვენ ვერაფერს მოვიმოქმედებდით, რადგან უკვე ვიხილეთ, რისი გაკეთება შეუძლია მას. ყველაფერი ეს არ გამოიყურება ძალიან პერსპექტიულად. შესაბამისად, მომავალი საკმაოდ გაურკვეველია.

რუსეთის სამეზობლოს ირგვლივ არსებული გარემო ძალიან ნათელია. რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შავი ზღვის სხვა მხარესაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე შეფასებით, შავი ზღვაც გარკვეულწილად დაუცველია და მიმდინარეობს მსჯელობა, რომ შავი ზღვა ევროპასთან დამაკავშირებელი ზღვა გახდეს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ამ დაუცველობამ.

„ჩვენ ასევე ახლოს ვართ ახლო აღმოსავლეთის რეგიონებთან. ჩვენთვის არ არის ნათელი თუ რა მომავალი ექნებათ მათ.

ჩვენთან ახლოს მდებარეობს თურქეთი, რომლის პერსპექტივა ევროკავშირის წევრობაზე კვლავ არ არის ნათელი. ჩვენ არ ვიცით, თუ რომელ გზას აირჩევენ ისინი. ყოყმანობენ, რომ დაუახლოვდნენ რუსეთსაც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო ცდილობს, განვითარდეს და გააძლიეროს დემოკრატია, ასევე ეკონომიკა.

„ჩვენ კვლავ ვცდილობთ განვვითარდეთ, გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატია, ეკონომიკა, კავშირები ევროკავშირთან, რაც ასევე გაურკვეველია. თუ წარმოვიდგენთ ისეთ სურათს, რომ შესაძლოა, უცაბედად დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა, ასევე, ნატო-ს სოლიდარობის პერსპექტივა და თუ ეს ორი ძალა რამენაირად შესუსტდება, ჩვენ დავრჩებით მარტო და იზოლირებული, სამომავლო პერსპექტივის გარეშე.

ვფიქრობ, იგივე შეიძლება ითქვას ევროპაზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პოპულისტურ მოძრაობას და სკეპტიციზმს, ეჭვებს და კითხვებს, თუ ევროპული საზოგადოებრივი აზრი ერთი წამით წარმოიდგენს, რა იქნება ევროკავშირის ან ნატო-ს გარეშე, მე ვთვლი, რომ ეს იქნება ძალიან ბნელი სამყარო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს მხოლოდ ერთი მომავალი, რაზეც საკმაოდ ნათლად არის ჩამოყალიბებული და, რასაც მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობა.

„შესაბამისად, თქვენი პანელის სახელწოდების საწინააღმდეგოდ, მე ვთვლი, რომ ჩვენ სხვა მომავალი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საერთო მომავალი, რომელიც ჩვენი ერთადერთი ალტერნატივა და ჩვენი ერთადერთი პერსპექტივაა, რაზეც საკმაოდ ნათლად ვართ ჩამოყალიბებული. ჩვენი მოსახლეობის 85 პროცენტს მტკიცედ სწამს, რომ ეს ვერ და არ შეიცვლება, რადგან სხვა პერსპექტივა არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ ვართ ისინი, ვინც ყველაზე მეტად გჭირდებათ.  ჩვენ ვართ პატარა ენთუზიასტები თქვენს საზღვრებს გარეთ და მზად ვართ, გადმოვადგილდეთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა,  იური ლუიკიმ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ნათელია.

,,მე პირადად, ძალიან მრცხვენია ევროკავშირის სახელით, რომ ვერ შევძელით საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, მაგრამ ეს პერსპექტივა ჩვენთვის ძალიან ნათელია” – აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა კი, ხაზი გაუსვა საქართველოსა და გემრნიას შორის ძლიერ და მდიდარ სამხედრო თანამშრომლობას.

,,ჩვენთვის დიდი პატივია ერთად ვიყოთ ავღანეთში, 600 ქართველ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად,  ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. როდესაც იქ ხარ იზიარებ და გამოძრავებს საერთო ღირებულებები, გრძნობ საერთო ფესვებს, კულტურას, ენთუზიაზმს, ცოდნას და საერთო ხედვას, თუ რატომ ვართ იქ და ვიცავთ ამ ღირებულებებსა და მშვიდობას”, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

კონფერენციის მონაწილეები რამდენიმე დღის განმავლობაში ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის პერსპექტივებთან მიმართებაში უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

კონფერენციაში მომხსენებლებად მონაწილეობდნენ ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

დატოვე კომენტარი